
საქართველოს პროკურატურამ, დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებული დევნის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 6 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ბრალდებულმა დავით ბერძენიშვილის მიმართ ამ უკანასკნელის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, განახორციელა დევნა ჩადენილი ძალადობით.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შემთხვევა გუშინ, 6 ივნისს მოხდა. "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებს, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს მოძალადე ჰომოფობები გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაესხნენ თავს. ერთ-ერთი თავდამსხმელი ირაკლი ხომასურიძეა, რომელიც წარსულში ჰომოფობიური და ძალადობრივი დაჯგუფების სხვა აქციებშიც მონაწილეობდა, მათ შორის ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე. პოლიციამ თავდამსხმელები გუშინვე დააკავა.