შეასრულე შეთანხმება! - ხვალ, 11:00-ზე, "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას აანონსებს

გამოქვეყნდა:

შეასრულე შეთანხმება! - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქციას ხვალ, 11:00 საათზე, პარლამენტთან, მოძრაობა "სირცხვილია" გამართავს. 

მოძრაობის წევრები ხელისუფლებას რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ ჯერჯერობით, შეთანხმების არცერთი პუნქტი ბოლომდე შესრულებული არ არის - არ არის მიღებული პროპორციულო საარჩევნო სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული 120/30-ზე საარჩევნო სისტემა და ამ დრომდე პატიმრობაში რჩება "მთავარი არხის" დამფუძნებელი, პოლიტპატიმარი გიორგი რურუა. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში ხვალ მესამე მოსმენით განიხილავენ. 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, 23 ივნისს, 115 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო. ბიძინა გეგიძე, კახა ოქრიაშვილი და ალექსანდრე ერქვანია - ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. 

განხილვასა და კენჭისყრაში დღეს მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას - "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობდნენ, რომ ცვლილებებს მხარს მხოლოდ პოლიტპატპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერდნენ. 

მანამდე კი პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ მიიღო -
ცვლილებებს ოპოზიციიდან მხარი მხოლოდ "ევროპულმა საქართველომ" დაუჭირა იმ მიზნით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდნილიყო და ხელისუფლებას რურუას გასათავისუფლებლად დამატებითი დროც მისცემოდა. თუმცა პარტიაში მაშინვე ამბობდნენ, რომ პოლიტპატიმრის ციხეში დატოვების შემთხვევაში, მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. 

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი