
თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა გულედანი დაინიშნა. მისი კანდიდატურა მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
სხდომის დაწყების წინ დედაქალაქის მთავრობის წევრებმა ილია ელოშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
"ილიას ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეული დიდი ტკივილი და დანაკლისი ცხადია, სამუდამოდ დაგვრჩება, თუმცა ჩვენი ვალია მისი ხსოვნის წინაშე, რომ ილიას მიერ დაწყებული ყველა საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და ღირსეულად განვახორციელოთ ის პროექტები, რასაც ილია წარმატებით უძღვებოდა... მინდა მივმართო სამშენებლო კომპანიებით დაზარალებულ ოჯახებს, რომ არცერთი პრობლემა არ დარჩება მოუგვარებელი. თქვენ იცით, რომ ილია უძღვებოდა ამ მიმართულებას და მისი დამსახურებაა ისეთი ურთულესი საკითხების მოგვარება, როგორიც იყო სამშენებლო კომპანია "სვეტით", "ოლიმპიური ვარსკვლავით" და "ცენტრპოინტით" დაზარალებული ოჯახები... ყველა ადამიანი, ვინც ელოდება ბინებს, აუცილებლად მიიღებენ მომდევნო წლების განმავლობაში.
სწორედ ამ საქმეების ბოლომდე მისაყვანად, მინდა წარვუდგინო საზოგადოებას ადამიანი, ვინც უხელმძღვანელებს ამ მიმართულებას იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გაკეთებული უმაღლეს დონეზე. საზოგადოებას მინდა წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა. კახა წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში მუშაობს, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. დღეს ის ხელმძღვანელობს მუნიციპალურ ინსპექციას, წლების წინ იკავებდა რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას, იყო სამგორის რაიონის გამგებელი. დარწმუნებული ვარ, ის წამოწყებული საქმეები და გამოწვევები, რომელსაც ილიასთან ერთად შევეჭიდეთ, ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი", - თქვა კახა კალაძემ.