
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უსმენენ, ხმაური იყო. "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა პარტია "ლელოს" წევრს, სალომე სამადაშვილს დაუპირისპირდა და "ხელმოცარული დიპლომატი" უწოდა.
"ხშირად მიწევს ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა. მე ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე? რა ტონალობაში გველაპარაკება? შეურაცხყოფას მისი გამოსვლა ყოველთვის რატომ გვაყენებს? ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ისიც ყოფილი, რომელმაც 2008 წელს, როცა რუსეთის აგრესიამ ჩვენი ქვეყნის 20% შეიწირა, ჩვენი გმირი ბიჭები შეიწირა, უამრავ დედას შავები ჩააცვა, შენ იმდენი მოახერხე, რომ სანქცია ვერ დაგიწესებია ერთი სახელმწიფოს მხრიდან. იმდენი გააკეთე, რომ ევროსაბჭოში რეზოლუცია მიაღებინე შენს გუნდს, სადაც ქართველი ბიჭები დაადანაშაულე ომის ესკალაციაში. რა ტონალობაში გველაპარაკები ქალბატონო სალომე? თქვენ ხომ არ აგერიათ რაღაც?! ამოვიდა ყელში თქვენი ქედმაღლური ისინი რა, კეთილი ინებეთ და იყავით ადეკვატური. არაფერი სასახელო არ გაგიკეთებიათ 2008 წელს. ხელმოცარული დიპლომატი ხართ და იცოდეთ, ისიც ყოფილი... იჭიჭყინე ახლა და იყავი", - მიმართა ზარქუამ სამადაშვილს.
"ოცნების" დეპუტატი "ლელოს" წარმომადგენლის კითხვებმა გააღიზიანა, რომლითაც მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. კერძოდ, სამადაშვილმა კითხვები დასვა ე.წ. ჟან მონეს დიალოგის ჩაშლაზე, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოწვევასა და "ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებებზე.
"ჩემი შეკითხვა ეხება ტყუილებს, რომელიც სამწუხაროდ ოცნების ხელწერაა და გამონაკლისი არც თქვენ ხართ. რამდენიმე თვის წინ გვახსოვს, რომ არ ჩამოუშვით საქართველოში ევროპარლამენტის რამდენიმე წევრი, მათ შორის თქვენი საკუთარი პარტნიორი პარტიიდან - სოციალისტური პარტიიდან. ეს ის შემადგენლობაა, რომლებმაც უნდა გამართონ ე.წ. ჟან მონეს სახელობის პოლიტიკური დიალოგი, რაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და რასაც ევროკავშირი მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობს, გამონაკლისი იყო საქართველოსთვის ამ დიალოგის შემოთავაზება. გვარწმუნებდით, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დიალოგი შედგებოდა. როდის იგეგმება ეს დიალოგი?
მეორე კითხვა ეხება პრეზიდენტ ზელენსკის მოწვევას პარლამენტში. დღემდე ზელენსკიმ მიმართა ფაქტობრივად ყველა დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტს და ჩვენი ინფორმაციით, ყველა ამ პარლამენტმა მოიწვია ის თავად სიტყვით გამოსასვლელად. რატომ დაიბლოკა ეს ინიციატივა? იმიტომ ხომ არა რომ ეს იყო „ლელოს“ და ოპოზიციის?
და ბოლოს - გუშინ კობახიძის გამოსვლაზე რას ფიქრობთ? ახალისებს თუ არა მსგავსი გამოსვლები ძალადობას, მათ შორის ჩვენი კოლეგების წინააღმდეგ?", - მიმართა სალომე სამადაშვილმა შალვა პაპუაშვილს.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა. ახლა მას პარლამენტის წევრები კითხვებით მიმართავენ.