
დავით ბერძენიშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ირაკლი ხომასურიძე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. მიზეზი მისი მხრიდან, ძალადობრივი და პოლიტიკური განცხადებები გახდა. ხომასურიძემ არ უარყო ბრალდება, თუმცა ძალადობის პროვოცირებაში დავით ბერძენიშვილი დაადანაშაულა და მას "ავადმყოფი" და "მანიაკი" უწოდა.
ასეთი ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მას რამდენჯერმე მისცა შენიშვნა და გაფრთხილება, თუმცა ხომასურიძემ ეს არ გაითვალისწინა. მას შემდეგ კი რაც მოსამართლემ ბადრაგებს მოუწოდა ბრალდებული გაეყვანათ დარბაზიდან, ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და თქვა, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილი იყენებს სასამართლოს ტრიბუნას, მას რატომ არ შეეძლო იგივე.
გაძევებამდე კი ხომასურიძემ 6 ივნისს მომხდარის საკუთარი ვერსია უამბო სასამართლოს:
"ისიც მინდოდა მეთქვა, რომ შენ მაგივრად შენი ძმა რომ შემხვედროდა, პანღურს ვუთავაზებდი მეთქი იმ სიტყვების გამო, რაც მან აკადრა ქართველ ხალხს მეთქი. გაიარა რამოდენიმე ნაბიჯი და გავიმეორო ის სიტყვა რაც მითხრა?...შემოტრიალდა და მითხრა, ესე ესეო. მეც გავიწიე მისკენ და დავუწყე გინება - მეთქი შე არაკაციო, შენ ვის რა უნდა უთხრა და მოხდა ეს რაღაცა, ამ დროს, შენო მეორე თვალიც უნდა ამოგთხაროს კაცმაო მწვდა, მომაწყვიტა ეს (ძეწკვი) და ხელი მომიქნია და მერე არ ვიცი რა მოხდა, მერე მეც მოვუქნიე...
ჟურნალისტები რომ მივიდნენ მერეც ვაგინებდი, ჟურნალისტებსაც ვაგნებდი, ეხლაც გავუმეორებ მაგას..." თქვა ხომასურიძემ.
მისივე თქმით - "ეს ჟურნალისტები, ბერძენიშვილი და მთლიანად ოპოზიცია, არიან ქვეყნის მტრები", რომლებიც "ომის ქადაგებას" ეწევიან.
ირაკლი ხომასურიძეს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა