თურქმენეთის ახალი პრეზიდენტი, რომელიც ყოფილი მმართველის შვილია, ქვეყანაში არსებულ უმკაცრეს ტოტალიტარულ რეჟიმს კიდევ უფრო ამკაცრებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მან ხელი უკვე მოაწერა რამდენიმე კანონს, რომელიც მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ქალების უფლებებს ზღუდავს.
ტელეკომპანია „მირი“ იუწყება, რომ ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს იმის გამო, რომ საჯარო ადგილებში ხელჩაკიდებული დადიოდნენ, ეს ჟესტი კი ამიერიდან თურქმენეთში ტრადიციული ადათ-წესების დარღვევად ითვლება.
გარდა ამისა, ქალებს ეკრძალებათ თანამედროვე ტანსაცმლით სიარული, საღამოს რვა საათის შემდეგ სახლიდან გასვლა კი მხოლოდ საპატიო მიზეზით შეეძლებათ, ტაქსით სარგებლობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ ოჯახის წევრ მამაკაცთან ერთად მგზავრობენ და ესეც მხოლოდ საღამოს რვა საათამდე.
გარდა ამისა, განიხილება კიდევ ერთი კანონის მიღება, რომელიც ქალებს ქვეყნიდან გასვლას აუკრძალავს.