"2 კვირა მისცეს "ოცნებას" პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოსწორებისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის" - დეკანოიძე ევროპარლამენტის დებატებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესახებ ევროპარლამენტის გუშინდელ დებატებთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ევროპარლამენტარებმა საქართველოს მოსახლეობას და ევროპას აჩვენეს, რამდენად მძიმე მდგომარეობაშია ქვეყნის დემოკრატია და როგორ დარტყმებს აყენებს მას ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა.

"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ მთელი ევროპა, ევროკავშირი ამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიჯნაზე, როდესაც საქართველო ელოდება სტატუსს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროპარლამენტარები მსჯელობენ საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, იმაზე, რომ ნიკა გვარამია, რომელიც დაპატიმრებულია სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებას (პოლიტიკური მართლმსაჯულება) საქართველოში ევროინტეგრაციის კუთხით. ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, "ქართული ოცნება" არ განიხილავს მის გადაყვანას მესამე ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო, არის დიდი დაბრკოლება. საქართველოში ჟურნალისტებს სცემენ, არბევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი - საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლური კამპანიის ფონზე, იყენებს ყველა რეპრესიულ ინსტიტუტს", - აღნიშნა დეკანოიძემ.

ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას დაახლოებით 2 კვირაში მიიღებს და სწორედ ეს ვადა აქვს "ოცნების" ხელისუფლებას იმისათვის, რომ მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოასწოროს. 

მისივე თქმით, თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება, ამაზე სრული პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" და პირადად ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.

"კომისია მალე იმსჯელებს საბოლოო გადაწყვეტილებაზე, დაახლოებით 2 კვირაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მათ ღიად მისცეს რამდენიმე კვირა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოასწოროს და მეტ-ნაკლებად ნაბიჯები გადადგას პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოსწორებისკენ ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და ასევე, მედიის თავისუფლებისთვის ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ღიად თქვეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ემხრობიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას, თუ საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში დარჩება ევროპის ღია კარის მიღმა.

24 ივნისამდე, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ პირველად ევროპარლამენტში, საქართველოს ხელისუფლება, დღევანდელი არაფორმალური მმართველობა არის ევროინტეგრაციის კუთხით  ყველაზე დიდი შემაფერხებელი და ამაზე საუბრობდნენ ჩვენი მეგობრები. ეს ორკვირანახევარი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გადაწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, 1 - ნიკა გვარამიას თავისუფლება, პოლიტიკური მართლმსაჯულების პრაქტიკულად აღმოფხვრა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის გადადგმული ნაბიჯები; ანტიდასავლური კამპანიის შეწყვეტა და ასევე, გადაწყვეტილების მიღება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ველოდებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების გამო გადადო ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, პასუხისმგებლობა ეკისრება "ოცნების" ხელისუფლებას, "ოცნების" იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ანტიდასავლურ კამპანიას აწარმოებენ და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გადაწყვიტა, ეს ქვეყანა მარტო დატოვოს რუსეთთან პირისპირ", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი