ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.

რეზოლუციაში, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.

გარდა ამისა,  ცალკე პუნქტი ეთმობა მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებამ ხაზი გაუსვა "სასამართლო სისტემისადმი მუდმივ უნდობლობას".

ევროპარლამენტარები რეზოლუციაში შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში გაუარესებული მედიაგარემოს გამო და გმობენ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებს. 

დოკუმენტში განხილულია 5 ივლისის, ნიკა გვარამიას, "ფორმულასა" და "TV პირველის" დამფუძნებლების საქმეები. 

ასევე, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა - დოკუმენტი მოუწოდებს, ჰუმანიტარული მიზნით მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას, რათა მან საზღვარგარეთ მკურნალობა მიიღოს. 

რეზოლუციის ტექსტი:

1. გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო ბოლო წლებში, მიუხედავად საქართველოში არსებული მყარი სამართლებრივი ჩარჩოსი, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის თავისუფლებას;

2.  ვგმობთ ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარის, ძალადობისა და დევნის შემთხვევების, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლებრივი გამოძიებების მზარდ რაოდენობას; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საფუძვლიანად გამოიძიოს ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა და დასაჯოს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებზე და მედიის სხვა მუშაკებზე ძალადობრივი თავდასხმების წაქეზებასა და განხორციელებაში, რაც არ შექმნის ამგვარი დანაშაულების დაუსჯელობის შთაბეჭდილებას; მოვუწოდებთ საქართველოს შეზღუდოს საზოგადოების მონაწილეობის წინააღმდეგ სტრატეგიული საჩივრების გამოყენება, რაც მიმართულია უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ და ხელს უშლის მათ კრიტიკულ და დამოუკიდებელ მუშაობას;

3.  მოვუწოდებთ საქართველოს უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რაც გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას, მედიის გამჭვირვალე მფლობელობასა და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი მაუწყებლების გადაცემებში, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს; მოვუწოდებთ საქართველოს უზრუნველყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეუფერხებელი წვდომა, ასევე ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და გაძლიერება;

4.  ვგმობთ 2022 წლის 16 მაისს მთავარი პროოპოზიციური ტელეარხის მთავარი დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის განაჩენის გამოტანას, რომელიც ხაზს უსვამს მუდმივ უნდობლობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ; ვუერთდებით ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენის გადახედვის შესახებ; კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გადაუდებელ აუცილებლობას, რომ მთავრობამ განახორციელოს სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი რეფორმა ფართო და ინკლუზიური მრავალპარტიული პროცესის მეშვეობით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის მიზნით, ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის ვალდებულებების შესაბამისად;

5.  მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან საქართველოში მედიის წარმომადგენლების მიმართ და მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს მათ საჯარო განცხადებებში;

6.  მკაცრად ვგმობთ გულმოდგინე გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის მუდმივ ნაკლებობას ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის მარშის დროს განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ; მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ მსგავსი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იქნას წახალისებული, რადგან ისინი არღვევენ საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას და საერთაშორისო და ევროპულ ვალდებულებებს; მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ეფექტიანად გამოიძიონ 2021 წლის 5 ივლისის ინციდენტები; ვგმობთ ლგბტიქ+ პირთა დისკრიმინაციას; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად დანერგოს ადამიანის უფლებათა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა პრაქტიკაში;

7.  მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით და დანერგოს სათანადო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების დემოკრატიული ზედამხედველობისთვის;

8.  ხაზს ვუსვამთ ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და მედიასაშუალებების უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობას, როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში, მათ შორის იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ რუსეთის, ბელორუსიის და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან; შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობა მედიის გარემოსა და შესაბამისი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად;

9.  აფასებს საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიერ მედიის თავისუფლების დაცვის კუთხით გაწეულ ქმედებებს, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან რეგულარული თავდასხმებისა;

10.  ვაღიარებთ საქართველოში არსებულ მრავალფეროვან და პლურალისტურ მედია ლანდშაფტს, მაგრამ წუხილს გამოვთქვამთ უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის გამო მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და პრო-სამთავრობო მედიას შორის; მკაცრად ვგმობთ მედია ლანდშაფტის პოლარიზაციას, რაც აისახება პოლიტიკური ლანდშაფტის მზარდ და საზიანო პოლარიზაციაში;

11.  კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან მედიის მფლობელების ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების წარმოებისგან;

12.  მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს;

13.  გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციის მუდმივი ზრდის გამო უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგას აქტიური ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს დეზინფორმაციული კამპანიები უცხოური თუ ადგილობრივი აქტორების მხრიდან ქვეყნის, დაუცველი ჯგუფებისა თუ პირების წინააღმდეგ, როგორებიც არიან კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობები ან კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები პირები, ან პოლიტიკური პარტიები, განავითარონ მედია-განათლების პროგრამები თავიანთი მოქალაქეებისთვის და მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოებას ფაქტების შემოწმების მექანიზმების შექმნაში;

14.  მოვუწოდებთ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, თავი შეიკავოს რუსული დეზინფორმაციის გამოყენებისაგან მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობასა და დემოკრატიას;

15.  მოვუწოდებთ საქართველოს მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც ეძღვნება მდგრადობის გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და მოვუწოდებთ კომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

16.  მივესალმებით საქართველოს მონაწილეობას 2021-2027 წლების შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში; მოვუწოდებთ კომისიასა და წევრ სახელმწიფოებს მხარი დაუჭირონ ქმედებებს, რომლებიც აკონტროლებს და აფასებს საფრთხეებს მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების მიმართ, იცავს საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებსა და ხელს უწყობს საინფორმაციო მედიის სექტორის ტრანსფორმაციასა და კონკურენტუნარიანობას საქართველოში;

17.   მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში, და ამით ცალსახად აჩვენოს თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების აქტუალიზაციის მიმართულებით; გამოვთქვამთ რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და ამიტომ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს;

18.  ვავალებთ ევროპარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი