
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების 212-ე საკნიდან ეხმაურება. ის ქართველ ხალხს ამ დოკუმენტის მიღებას ულოცავს და ამბობს, რომ რეზოლუციის მიღება ქართველი ხალხის, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, ნინო ლომჯარიას, მიხეილ სააკაშვილის, ლექსო ლაშქარავას და თავად მისი გამარჯვებაა.
"პირველ რიგში, გილოცავთ ყველას ამ რეზოლუციას. მის მთავარ ნაწილს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და თხოვნას სხვა ევროპული სტრუქტურების, რომ ეს გაითვალისწინონ, ეს ქართველი ხალხის დიდი გამარჯვებაა. ქართველი ხალხის, დიახ, და ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ მიმართულებით მუშაობდა. ეს არის ქართული მედიის უპრეცედენტო და ისტორიული გამარჯვება, ასეთი არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, მთავარი აქტორი ქართული მედიაა ამ რეზოლუციას ჰქვია კიდევაც მედიის შესახებ რეზოლუცია და ეს არის ქართული მედიის გამარჯვება. გილოცავ შენ პირადად და მთელ "მთავარ არხს", რომელიც ამ ბრძოლის ავანგარდში იყო მთელი ეს წლები ნამდვილად.
მე ვიტყოდი, რომ ეს რეზოლუცია დგას ძალიან მნიშვნელოვნად ლექსო ლაშქარავას სიცოცხლეზე და ეს რეზოლუცია ლექსო ლაშქარავას დაუჯდა სიცოცხლის ფასად. მაგრამ მის მშობლებს და ყველა მის მეგობარს შეუძლია თქვას, რომ მან საკუთარ ქვეყანას მოუტანა ის, რაც ახლა ამ რეზოლუციაში წერია. ლექსო ლაშქარავამ სიკვდილის შემდეგ ეს ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებასთან მოიგო.
ეს რეზოლუცია დგას მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე, მის ციხეში შეგნებულად ჩაჯდომაზე, მის შიმშილობაზე, მის წამებაზე და ახლა უმძიმეს მდგომარეობაზე. მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილი ამ რეზოლუციით დაამარცხა. ეს რეზოლუცია დგას ყველა პოლიტპატიმარზე ჩემი ჩათვლით, ვინც ციხეში არის იმიტომ რომ არ შეეგუა "ქართულ ოცნებას" და იბრძვის დაუღალავად. საკუთარ თავზე იმის თქმა შემიძლია, რომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ციხიდანაც შესაძლებელია ბრძოლის მოგება და მეც, ბიძინა ივანიშვილი, ამ რეზოლუციით დავამარცხე ციხის კამერიდან.
ეს არის, რა თქმა უნდა, ქართული არასამთავრობო სექტორის გამარჯვება, ძალიან მნიშვნელოვანი ხალხის ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დაუღალავად აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და თითოეულ ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ არის, ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ნინო ლომჯარიას პერსონალური გამარჯვება, ის ისტორიაში ყველაზე კარგი სახალხო დამცველი კი არ არის უბრალოდ, არის გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, პირდაპირ ასე შემიძლია ვთქვა და არა მხოლოდ თანამდებობის პირი, რომელმაც რეალურად საკუთარ ხალხს მოუტანა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არამხოლოდ უფლებადაცვითი კუთხით, არამედ ევროპაში ინტეგრაციის კუთხით.
ეს არის ქართული ოპოზიციური სპექტრის დიდი გამარჯვება "ქართულ ოცნებაზე". მათ გაიმარჯვეს მშრალად, აი იქ სადაც რეალურად ითვლება შედეგები, სადაც დემოკრატიაა, იქ გამოჩნდა, რომ ქართული ოპოზიცია იმარჯვებს. ზუსტად ქართულმა ოპოზიციამ მოიტანა ის ჩანაწერი, ქართველ ხალხთან ერთად, თავისთავად ცხადია, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ვნახეთ, ამ დღეების განმავლობაში გამაოგნებელი იყო ქართული ოპოზიციის მუშაობა. შეხვდნენ მთელ ევროპას ქართული ოპოციზიის სხვადასხვა წარმომადგენლები თუ სხვადასხვა პარტიები და ჩვენ პარალელურად ვხედავდით, რომ "ქართული ოცნება" არათუ არ დადის ევროპის დედაქალაქებში და საკუთარ პარტიულ ოჯახს, სოციალისტურ პარტიას არ ეთანამშრომლება, არამედ პირიქით, აგინებს ყველას და ყველაფერს..., - ამბობს ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამია რეზოლუციის იმ პუნქტსაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. ამბობს, რომ ივანიშვლს ეს სანქციები საერთოდ რომ არ დაუწესდეს, "დღეიდან მისი ცხოვრება სრულიად განსხვავებულია".
რაც შეეხება სანქცირებას ბიძინა ივანიშვილის, გულწრფელად რომ გითხრათ, შოკირებული ვარ, არ მოველოდი. იმის გამო კი არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას არ იმსახურებს, იმის გამო, რომ მაინც უფრო კონსერვატიულია პარლამენტი. რაზეც არ უნდა ილაპარაკოს, დღეს კობახიძეს მოვუსმინე, ნუ, არაადეკვატური ამბავია. ადამიანს უჭირს აშრაკად. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ევროპარლამენტი საკმაოდ კონსერვატიულია, იგი არ იღებს ასე მარტივად გადაწყვეტილებებს, მითუმეტეს, ასეთი დონის გადაწყვეტილებებს. რაც არ უნდა მოჰყვეს ახლა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, ბიძინა ივანიშვილზე გაჟღერდა სანქცია და მას ცხოვრება უკვე აქვს ძალიან გართულებული იმიტომ რომ მას პრობლემები ექნება ბანკებში, მას პრობლემები ექნება ბიზნესის წარმოებაში.
სულ რომ ეს სანქცია არ რეალიზდეს, მისი ცხოვრება დღეიდან არის სრულიად განსხვავებული და გულწრფელად მინდა მოვუწოდო პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, რომ გახდეს ადეკვატური, რომ საკუთარ გადარჩენაზე უნდა იზრუნოს და ეს მოხდება მხოლოდ ერთი გზით - ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით. სხვა გზა აქ შეუძლებელია და ის უნდა მიხვდეს, რომ ის დაღუპეს მისმა მონებმა. როგორიცაა კობახიძე, პრემიერმინისტრი, "მოსამართლე" ჩხიკვაძე, ის დაღუპეს მონებმა და მანაც, თავის მხრივ დაღუპა საკუთარი მონები და ეს იქნება ყველასთვის, ყველა შემდგომი ხელისუფლებისთვის სიგნალი იმისა, რომ მონები არ არის კარგი მრჩეველი და ზოგადად, მონების სიყვარული არის დამღუპველი როგორც ქვეყნისთვის, თუ არ გამოვა ამ მდგომარეობიდან, პირადად იმისთვის, ვისაც ეს მონები ჰყავს. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია ამ მხრივაც, - ამბობს ნიკა გვარამია.
ამ რეზოლუციაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების რეაქციებთან დაკავშირებით კი "მთავარი არხის" დატყვევებული გენერალური დირექტორი არასერიოზულს უწოდებს. ნიკა გვარამია კობახიძის განცხადებებსაც ეხმაურება:
მე ვფიქრობ უკვე, რომ სერიოზულად ამ ხალხს აღარ უნდა აღვიქვამდეთ. არ უნდა გადავაფასოთ მათი პროპაგანდისტული შესაძლებლობები. ეს სულელებზე გათვლილია, რომ ბაკურიანში დაიგეგმა, ევროკავშირი რა რეზოლუციას მიიღებდა. მე ამას ვუსმინე და მართლა სერიოზულად შემაშფოთებელია ამ ადამიანის მდგომარეობა და რაც ვილაპარაკე, რომ მონები ღუპავენ თავის ბატონებს, ეს კლასიკური შემთხვევაა ამისი. ამიტომ ჯობია ბიძინა ივანიშვილმა გააცნობიეროს ვისი თავები უნდა დაგორდეს, ეს გადატანითი მნიშვნელობით ცხადია და პირველია ამ სიაში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, - თქვა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს მისი საკითხის ამ რეზოლუციაში ჩაწერას ულოცავს და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს:
მიშას მინდა ვუთხრა, რომ უკვე მივულოცო ეს მისი საკითხის ჩაწერა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია, არ დაგვავიწყდეს, რომ მედიის შესახებ დოკუმენტში ხვდება საქართველოს პრეზიდენტის საკითხი, რომელიც არ არის მედიის ნაწილი, მაგრამ ამით კიდევ უფრო მკაფიოდ ხაზგასმა ხდება მისი როლის და მისი პრობლემის მნიშვნელობის და იმის გაცნობიერების ხაზგასმა ხდება, რომ ეს დაუყოვნებლივ გადასაწყვეტი საკითხია.
ოპოზიციასაც მინდა მივმართო, კვლავ რომ ეს არის სამოქმედო გეგმა მათთვისაც და ყველა პუნქტი არის შესასრულებელი, მათ შორის შესასრულებელია სააკაშვილის გადაყვანა თან დაუყოვნებლივ და ახლა უკვე იმედია არ იქნება სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან შერჩევითი დამოკიდებულება ამ პუნქტებისადმი იმიტომ რომ სააკაშვილი არის აქ ჩაწერილი და ისე უნდა ითხოვდნენ მის გადაყვანას, როგორც ყველა დანარჩენ პუნქტებში ასახული პრობლემების მოგვარებას უნდა ითხოვდნენ. ეს ეხება ოპოზიციურ სპექტრს, რომელსაც ჯერ კიდევ რაღაცა კომპლექსი აქვს სააკაშვილთან დაკავშირებით. ძაან დიდი მადლობა, მოკლედ და კონკრეტულად, მთავრდება უკვე დრო, მაცნობა ტელეფონმა. ეს ბოლო ზარია ამ თვეში ჩემი იმიტომ რომ სამი ზარის უფლება მაქვს სულ, ამიტომ აქვე მოგიკითხავთ ყველას
ჩემი წერილი იყო იმათთვის ვინც მსჯელობდა ჩემ საკითხზე, მე არ მინდოდა, რომ ჩემი საკითხის გამო რაღაცა პრობლემა შექმნოდა..., - ამბობს ნიკა გვარამია.