"ხიდაშელი, მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, ფარცხალაძე, რუხაძე" | ელენე ხოშტარია ოლიგარქიულ ქსელს ამხელს

გამოქვეყნდა:

პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, დოკუმენტი აღიარებს ქართველი ხალხის ნებას - გახდეს ევროპის წევრი და ამავე დროს, ოლიგარქიული მმართველობის მძიმე შედეგებზე მიუთითებს.

მისი თქმით, მთავარი ამოცანა დღეს სწორედ იმ ოლიგარქიული პირამიდის დანგრევაა, რომელზეც ბიძინა ივანიშვილის მმართველობა დგას.

"პირდაპირ წერია, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს დამანგრეველი დესტრუქციული როლი როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში და საგანგაშოა მისი ბიზნესკავშირები კრემლთან. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანა დღეს არის, დავანგრიოთ ის ოლიგარქიული პირამიდა, ქსელი, რომელზეც დგას ეს ოლიგარქიული მმართველობა. ვაპირებთ პარტნიორებთან ვიმუშაოთ და ვამხილოთ ის საყრდენი ოლიგარქიული პირამიდის, რომლის მეშვეობითაც, ბიძინა ივანიშვილი ახერხებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას", - აღნიშნა ხოშტარიამ.

"დროას" ლიდერმა ის ბიზნესმენები დაასახელა, რომლებიც სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად უნდა მოხვდნენ. ხოშტარიას თქმით, ამ ადამიანებზე მაქსიმალურად შეაგროვებენ ინფორმაციას და პარტნიორებს გადასცემენ იმისთვის, რომ საქართველოში ოლიგარქიული სისტემა დაინგრეს.

"დღეს მინდა ჩამოვთვალო ის პირველი ჯგუფი ე.წ. ბიზნესმენების და რეალურად, ოლიგარქის საყრდენების თავისი რუსული კავშირებით, რომლის გარეშეც ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებდა თავისი დესტრუქციული ამოცანების შესრულებას. სანქციების სიაში ასევე უნდა მოხვდეს:

დავით ხიდაშელი - ეს არის ადამიანი, რომელიც ბოლო დროს სარგებლობს დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური შეღავათებით საქართველოში, რომელიც მონაწილეობდა არაერთ რუსულ სპეცოპერაციაში, არის პირდაპირ დაახლოებული კრემლთან, ევტუშენკოვთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და ბიზნეს გარიგებებზე ე საუბრობდნენ.

უჩა მამაცაშვილი - გარდა იმისა, რომ ის არის პრაქტიკულად ჩრდილოვანი მმართველი ეკონომიკის, აკონტროლებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად არის სანქცირებული პოლტარჩენკოს ბიზნესპარტნიორი. ეს არის სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერი, კრემლთან დაახლოებული პირი.

ვანო ჩხარტიშვილი - ის მონაწილეობს არაერთ კორუფციულ გარიგებაში, მათ შორის თამბაქოს სფეროში და ის არის ღიად ფოთში რუსული სახელმწიფო კომპანიის "როსნეფტის" პარტნიორი. 49%-ს მის კომპანიაში ფლობს "როსნეფტი".

ოთარ ფარცხალაძე - ყველასთვის ცნობილი, პრაქტიკულად მაფიოზად ჩამოყალიბებული „ბიზნესმენი“, რომელიც გარდა იმისა, რომ მონაწილეობს კორუფციულ სქემებში, აკონტროლებს პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას.

ირაკლი რუხაძე - გარდა იმისა, რომ აკონტროლებს საბანკო სექტორს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიას, კერძოდ „იმედს“, ჯდს და მაესტროს, ის ღიად ეწინააღმდეგება მათ შორის სანქციების რეალიზებას, მათ შორის საბანკო სექტორში და ისიც არის ერთ-ერთი ჰიბრიდული ოლიგარქიული მმართველობის საყრდენი", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი