საქართველოს პრეზიდენტის სკანდალური და მოულოდნელი განცხადება ბრიუსელიდან. სალომე ზურაბიშვილს ხელისუფლებამ უარი უთხრა ვიზიტებზე საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კომენტარები შეაფასა და განაცხადა, რომ ეს განცხადებები მას არ უტოვებს საშუალებას, ეფექტურად დაიცვას საქართველოს კანდიდატურა:
"ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი ჩემი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ იტალიიდან იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.
სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.
მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია უკრაინაშიც, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ თუ არა, არ იქნებოდა დღეს დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე და მე თვითონაც, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.
მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78 -ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი, მე არ მჯერა რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ, ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს. " განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა