რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და გადავა თუ არა ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, დღეს გაირკვევა.
მმართველი პარტია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაზე უარს ამბობს და პოლიტპატიმარ გიორგი რურუას ციხეში ტოვებს, მთავარი ოპოზიციური ფრაქციები, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" კენჭისყრაში ამის გამო მონაწილეობას არ მიიღებენ.
ეს იქნება სანახევროდ შესრულება იმ შეთანხმებისა, რომელიც დაიდო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და კიდევ ერთხელ მოატყუა ამომრჩეველი და საერთაშორისო საზოგადოება ივანიშვილმა. ჩვენ კიდევ გვყავს ქვეყანაში პოლიტპატიმრები, ადრე თუ გვიან, გიორგი რურუა იქნება გათავისუფლებული, რადგან დინების მიმართ არ აქვს ძალა რომ იცუროს ივანიშვილს, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე.
"ევროპულ საქართველოში" კი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი საზოგადოების კიდევ ერთხელ მოტყუებისთვის ემზადება.
"ქართულ ოცნებას", იმავდროულად, სურს საზოგადოებას დაანახოს, რომ რაიმე ტიპის კონსესუსს მიაღწია ოპოზიციურ პარტიებთან, რომ რაიმე ტიპის ნორმალიზებას პოლიტიკური პროცესის მიმდიანრეობს. მაგრამ ეს ასე არ არის და ვერ იქნება, სანამ მატყუარა ხელისუფლება არ შეასრულებს მის მიერ წერილობითი ხელმოწერითა აღებულ ვალდებულებას, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ივანიშვილის გუნდი უმრავლესობიდან წასული დეპუტატებისა და "პატრიოტთა ალიანსის" იმედზეა. საკონტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმა ჭირდება. იმ დეპუტატების რაოდენობა კი, ვისაც ღიად აქვს გაცხადებული, რომ ცვლილებებს მხარს უჭერს 116-ია.
დღევანდელი კენჭისყრა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გაიმართება. მე-9 მოწვევის პარლამენტმა საგაზაფხულო სესია პარასკევს, 26 ივნისს დაასრულა.