მოძრაობა "შეცვალესა" და "სირცხვილიას" აქტივისტები პარლამენტთან მმართველი პარტიის შეუსრულებელ დაპირებებს აპროტესტებენ. ისინი ბიძინა ივანიშვილის გუნდს მოუწოდებენ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო კენჭისყრამდე 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ბოლომდე შეასრულოს და გიორგი რურუა პატიმრობიდან გაათავისუფლოს. პარლამენტთან იმყოფებიან გიორგი რურუას მეგობრებიც და თანამოაზრეებიც.
დღევანდელი აქცია არის ერგვარი გამაფრთხილებელი აქცია ბიძინა ივანიშვილისთვის, მან უნდა გამოიჩინოს მისთვის უცნობი პოლიტიკური გონიერება. მან უნდა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილება და რაც მთავარია, გამოუშვას გიორგი რურუა, ვინაიდან 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის არის აუცილებელი ორივე პუნქტის შესრულება. თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ვერ მივიღებთ შედარებით მშვიდ გარემოში მაინც არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, - ამბობს მოძრაობა "შეცვალეს" წარმომადგენელი ნიკა ფარულავა.
საპროტესტო აქციაზე გაჟღერდა ბიძინა ივანიშვილის დაპირება, სადაც მოსახლეობას გასაოცარი დემოკრატიის დამყარებას პირდებოდა.
პარლამენტის ორივე შესასვლელთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.