ბრიუსელმა "ოცნების" ხელისუფლება ოფიციალურად გააფრთხილა 

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახური გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების აქტიური შესწავლა დაიწყო.

მათივე თქმით, ოპოზიციური ლიდერის დაპატიმრება  ხელს არ შეუწყობს ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებას. გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ახსენებს, რომ სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულების მთავარი ვალდებულებაა.

განცხადების გავრცელებამდე ჟურნალისტებთან დღეს ამავე თემაზე კომენტარი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გააკეთა. სწორედ მან დააანონსა, რომ ევროკავშირი უზენაესი სასამართლოს ვერდიქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებდა.

თავად ჰარცელი კი ამბობს, რომ გიგი უგულავას დაპატიმრების საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს. ხოლო, რაც შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს, დიპლომატის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაგრძელდება მცდელობა, რომ მოლაპარაკებები არ შეწყდეს.

"ყურადღებით ვაკვირებით ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მქონდა შესაძლებლობა გუშინ შემეფასებინა სიტუაცია ჩემს ევროპელ კოლეგებთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველანი ვიზიარებთ იმ კითხვის ნიშნებს, რაც გარემოებებიდან გამომდინარე ვერდიქტში არსებობს", - განუცხადა ჟურნალისტებს კარლ ჰარცელმა.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და დიპლომატებს მხრიდან გაკეთებული მკაცრი განცხადებები "ქართული ოცნებისთვის" სიგნალი უნდა იყოს, რომ შეწყვიტოს ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები.

ევროკავშირის განცხადებას ხელისუფლებაში უკვე გამოეხმაურნენ. ბრიუსელის ოფიციალური და მკაცრი გაფრთხილების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას ისევ დიალოგი შესთავაზა.

"მიგვაჩნია, რომ დიალოგსა და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციასა და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს", - განაცხადა მდინარაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი