"ნუ მოატყუებინებთ თავს "ოცნებას", ამერიკას და ევროპას საქართველოში მშვიდობა უნდა" | გიორგი ვაშაძის საგანგებო ბრიფინგი

გამოქვეყნდა:

ორი ამოცანა დაგვრჩა შესასრულებელი: არ მოვატყუებინოთ თავი "ქართულ ოცნებას", რომ ამერიკას/დასავლეთს ვითომ "ომი უნდათ"; გავმიჯნოთ საქართველო და "ოცნება" ერთმანეთისგან - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის ტყუილს საზოგადოებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს:

"ერთადერთი ტყუილი დარჩა ხელში "ოცნებას", თითქოს, ამერიკას და ევროპას საქართველოში ომი უნდათ. ეს არის ტყუილი და ამ ტყუილს რაც შეიძლება სწრაფად, თქვენ უნდა გასცეთ პასუხი... გუშინ იყო ჩამოსული ქალბატონი კარა მაკდონალდი, ვესაუბრეთ და რა თქმა უნდა, მათ ომი არ უნდათ, პირიქით - ისინი ამბობენ, რომ საქართველომ ნაბიჯი უნდა გადადგას ევროკავშირისკენ. "ქართული ოცნება" ყოველდღე ატარებს კვლევებს. ამ კვლევებში როგორც კი ამოუვათ, რომ ეს ტყუილი აღარ მუშაობს, დაიწყებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას...

მეორე - ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს და ამაში მინდა, ყველა გავერთიანდეთ, გავმიჯნოთ "ქართული ოცნება" და საქართველო. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. "ოცნება" თუ უკუღმა ივლის და ისევ თავს დაესხმება დასავლეთს, მათ პერსონალურად უნდა სანქციები დაუწესონ, მოსამართლეების სანქციებიც იქნება, ბევრი რამ იქნება. მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, გაიმიჯნოს საქართველო და "ქართული ოცნება" ერთმანეთისგან", - თქვა ვაშაძემ. 

ამავე ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ ორშაბათიდან რეგიონული ტურნეს დაწყება დააანონსა. მან ასევე თქვა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მივიდეს 20 ივნისს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი