
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ევროპარლამენტში 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
ამის შესახებ სამხარაძემ იმედის ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ევროპაში "სხვადასხვა ძალას შესაძლოა სხვადასხვა მიზანი ამოძრავებდეს" მათ შორის, "უნდოდეს, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული".
"არავისთვის დასამალი არაა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საქართველოს წინააღმდეგ, ასევე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაც და, შესაბამისად, ეს რეზოლუციაც ცალსახად შეგვიძლია მოვნათლოთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
სხვადასხვა ძალას შეიძლება სხვადასხვა მიზანი ამოძრავებდეს, ზოგს შეიძლება საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ უნდოდეს, ზოგს შეიძლება საქართველოში სტაბილურობა და სიმშვიდე არ უნდოდეს, ზოგს შეიძლება უნდოდეს, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული, მათ შორის ევროპაშიც. ყოფილა ასეთ საუბრებიც, რომ საქართველოს თურმე, მორალური უფლება არ ჰქონდა, შეეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, იმიტომ რომ საკმარისი სისხლი არ არის დაღვრილი და ა.შ. ეს საჯარო განცხადებები არაა და ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ასეთი მინიშნებაც კი კეთდება, აქ ბევრი რაღაც ეჭვებს აჩენს", - თქვა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ. ის 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული. დამტკიცებამდე რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხება. დოკუმენტს მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.