
ევროკომისიამ შესაძლოა საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ე.წ. ტრიოდან გამოყოს და კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭოს. ამის შესახებ ტელეკომპანია დოიჩე ველეს ჟურნალისტი ჯეკ პეროკი საუბრობს. მისის თქმით, „ევროკომისიამ შესაძლოა განაცალკეოს ერთის მხრივ მოლდოვა და უკრაინა, ხოლო მეორეს მხრივ საქართველო, შემდეგ კი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ პირველ ორს მიანიჭოს. ჯეკ პეროკი "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს:
"იმ დოკუმენტში, რომელიც მე ვნახე, არაფერია მტკიცებით ფორმაში ნათქვამი, მაგრამ არსებობს შანსი, შესაძლებლობა იმისა, რომ განაცალკეონ ერთის მხრივ მოლდოვა და უკრაინა, ხოლო მეორეს მხრივ საქართველო, პირველ ორს მისცენ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი არა. ამ სამი ქვეყნიდან თითოეულის შემთხვევაში არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ საქართველოს საკითხში, როგორც იმ დოკუმენტიდან ჩანს, რომელიც მე ვნახე, საქართველოს პრობლემებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მე არ ვარ ექსპერტი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში, მაგრამ გარკვეული ინფორმაცია მაქვს. ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, რომ ევროკავშირს ისედაც ბევრი თავისტკივილი აქვს. გარდა ამისა, გეოგრაფიულად საქართველო უფრო რთული ქვეყანაა, რადგან მოლდოვისგან და უკრაინისგან განსხვავებით ის ევროკავშირს არ ესაზღვრება. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირში არავის სურს. უბრალოდ, ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ საქართველოს მოუწოდებენ, რომ უფრო მეტად მოინდომოს. ბრიუსელის დარწმუნება არაფერს ნიშნავს, მთავარია, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები დაარწმუნოთ, მაგალითად ემანუელ მაკრონი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, დანია, შვედეთი და ა.შ. იმიტომ რომ ამ ქვეყნებს არ სურთ, ევროკავშირის სწრაფად გაფართოება" ამბობს ის.