
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზს უსვამს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის აუცილებლობას - ამის შესახებ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მეშვიდე პაკეტი კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს.
კერძოდ, ზელენსკის თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეს ყველა რუს თანამდებობის პირსა და მოსამართლეს, რომლებიც „მუშაობენ ომისთვის, რომლებიც მუდმივად მუშაობენ რეპრესიებზე“.
"ევროკავშირმა მთლიანად უნდა დაბლოკოს ყველა რუსული ბანკის საქმიანობა, გამონაკლისის გარეშე. პირველ რიგში, ეს ეხება გაზპრომბანკს - ერთ-ერთ მთავარ საფულეს" - თქვა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, სანქციებია საჭირო ყველა რუსული კომპანიის მიმართ, რომელიც რუსეთს ამა თუ იმ გზით ეხმარება სამხედრო სფეროში, თუ დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობაში.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა იმუშაოს ბევრი, რომ რაც შეიძლება სწრაფად თქვას უარი რუსულ ენერგორესურსებზე - "ეს არის უსაფრთხოების ფუნდამენტური საკითხი ყველასთვის: უკრაინისთვის და ევროკავშირის ყველა სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ურსულა ფონ დერ ლეიენს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების ექვსი პაკეტისთვის, რომელმაც რუსეთზე ომის პერიოდში დიდი გავლენა იქონია, თუმცა აღნიშნა, რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და ჯერ კიდევ საჭიროა აგრესორზე ზეწოლის გაძლიერება.