ევროკავშირის გაფრთხილების შემდეგ ოპოზიციას დიალოგისკენ პრეზიდენტიც მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ბრიუსელიდან კრიტიკის პასუხად „ქართული ოცნება“ რიტორიკას ცვლის და ოპონენტებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას სთხოვს. შიდა პოლიტიკური კრიზისი პირველად შეიმჩნია პრეზიდენტმაც და სალომე ზურაბიშვილმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა.

„პრეზიდენტი დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის“ - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

თუმცა „ოცნების“ სინანული როგორც ჩანს დაგვიანებულია. ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის საჭიროებას ვეღარ ხედავს.

ხელისუფლების ოპონენტები დიალოგის გაგრძელებას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს, საარჩევნო ადმინისტრაცია შეიცვლება და ცესკოსა თუ საარჩევნო უბნებზე ადგილები სამართლიანად იქნება გადანაწილებული.

ოპოზიციის მოთხოვნებზე „მთავართან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძის განცხადება მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ მმართველი პარტია შეშინებულია.

„იმისთვის, რომ რაიმე სახის კომპრომისი იყოს და თუნდაც დიალოგი, აუცილებელია, დაიდოს მაგიდაზე პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს ერთი. შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეები ყველა იმ ადამიანზე, რომლების მიმართაც ხორციელდება პოლიტიკური მართლმსაჯულება და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და მესამე, აუცილებელია, გადაკეთდეს საარჩევნო ადმინისტრირება და რეალურად, იყოს სამართლიანი საარჩევნო ადმინისტრირება. თუ არ იქნება ეს სამივე პირობა დაკმაყოფილებული, ნებისმიერ დიალოგზე საუბარი არის ზედმეტი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციასთან დიალოგი ბიძინა ივანიშვილის დავალებით რომ შეწყვიტეს, ამაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადება PR-ის გეგმაა, რომ ვითომ ახლა ოპოზიციას არ უნდა დიალოგი. გიგა ბოკერიას თქმით, სიტუაციის ნორმალიზებისთვის საჭიროა დაპირებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დავით ბაქრაძე კი დიალოგის გაგრძელების ერთ-ერთ ალტერნატივად მათი გუნდის წევრის, გიგი უგულავას გათავისუფლებას ასახელებს. ბაქრაძე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის ინტერესში რეალურად შედის დიალოგის გაგრძელება, მაშინ მან გიგი უგულავა უნდა შეიწყალოს.

„დიალოგის და კომპრომისების გზა მოკლა „ქართულმა ოცნებამ“ გიგი უგულავას დაპატიმრებით. ამიტომ, თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, მას ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი, ეს არის უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიგი უგულავას შეწყალება, რითაც ის თავიდან აგვაცილებს იმ უმძიმეს დარტყმას, რომელიც ხელისუფლებამ მიაყენა საქართველოს ინტერესებსაც და დიალოგის პროცესსაც... თავი დაანებოს მოწოდებებს, ან ჩაერთოს პროცესში სრულფასოვნად როგორც პრეზიდენტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები პროცესის ხელშესაწყობად, ან დაანებოს თავი კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრეზიდენტის მოწოდებას და ხელისუფლების ოპონენტების შეთავაზებას მმართველ გუნდში უპასუხეს. გიორგი ვოლსკის თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი ვერ იქნება და ხელისუფლება პროკურატურას ვერ უკარნახებს შემდეგ ნაბიჯებს. ვიცე-სპიკერის კომენტარიდან გამომდინარე კი შესაძლოა იმის ვარაუდი, რომ პრეზიდენტი გიგი უგულავას არ შეიწყალებს.

„ქართულმა ოცნებამ“ უკან სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკის შემდეგ დაიხია. ევროკავშირმა მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ დიალოგის შეწყვეტა არის უგულავას დაკავების პირდაპირი შედეგი და ჩაშლილი მოლაპარაკებები პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი