ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენა უნდა - "ქართული ოცნება"

გამოქვეყნდა:

დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრაზე ივანიშვილის გუნდი უმრავლესობიდან წასული დეპუტატებისა და "პატრიოტთა ალიანსის" იმედზეა. საკონტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმა ჭირდება. იმ დეპუტატების რაოდენობა კი, ვისაც ღიად აქვს გაცხადებული, რომ ცვლილებებს მხარს უჭერს 116-ია.

მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ მათი პარტიიდან ცვლილებებს 92 გარანტირებული ხმა აქვს. ისინი "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებენ.

მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არ მოიძებნება ისეთი დეპუტატი, წინა კენჭისყრაზე ვინც მხარი დაუჭირა და რაიმე გარიგებაში შევა იმ ადამიანებთან, რომლებსაც უნდათ, დესტაბილიზაცია მოხდეს ქვეყანაში, - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი.

"ქართული ოცნების" ერთადერთი წარმომადგენელი, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს ღიად არ უჭერს მხარს, კახა ოქრიაშვილია. 

არ ვუჭერ მხარს, სხვა მოსაზრებები მაქვს, ვთვლი, რომ ჩემი მოსაზრებები არის სწორი, ვთვლი, რომ 2022-ან 2024-დან დაიწყება საუბრები, რომ ეს მოსაზრებები იყო სწორი, - აცხადებს უმრავლესობის წევრი.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერენ დამოუკიდებელი დეპუტატების უმრავლესობა და "პატრიოტთა ალიანსიც", მათ შორის, ადა მარშანიაც, რომელიც წინა კენჭისყრაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ იმყოფებოდა.

დღეს "ქართულ ოცნებას" არანაირი სხვა გზა არ აქვს, თუ არა სრულად მისცეს ხმა კანონპროექტს, რადგან ჩვენი, დამოუკიდებელი დეპუტატების ხმები, ქართული ოცნების ხმებთან ერთად, საკმარისია ამ პროექტის გატანისთვის, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე. 

დღევანდელი კენჭისყრა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გაიმართება. მე-9 მოწვევის პარლამენტმა საგაზაფხულო სესია პარასკევს, 26 ივნისს დაასრულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი