ქვეყანას ახალი საარჩევნო სისტემა აქვს - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემითა და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. პარლამენტმა დღეს, მესამე მოსმენით მიიღო ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილება. კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 120-მა დეპუტატმა მიიღო, რომელთაგან 117 მომხრე, სამი კი წინააღმდეგი იყო.
საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, თუმცა გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. არსებულ მდგომარეობას პოლიტიკური თვალსაზრისით სხვადასხვაგვარად აფასებენ. მმართველი გუნდის წევრები 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ოპოზიციას ადანაშაულებენ. მათი თქმით, შეთანხმებაში კონკრეტული სახელები ნახსენები არ არის. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასა და რურუას გათავისუფლებას.
ვინც გარკვეული ვიწრო პოლიტიკური ეგოისტური ინტერესებიდან ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც აბსოლუტურად გაურკვეველი კრიმინალური ქეისებით, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი მიიჩნევს, რომ შეთანხმების პირობები მმართველმა გუნდმა ბოლომდე შეასრულა.
შეთანხმება შესრულებულია ჩვენი მხრიდან და შეთანხმება შესრულებულია საქართველოს მიერ. დანარჩენი უკვე რჩება ისტორიის და საზოგადოების შეფასებისთვის, - ამბობს თალაკვაძე.
ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გიორგი რურუას არავითარი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან და მის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აქტიურად ითხოვდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო პარტნიორები. მას შემდეგ, რაც ნოემბერში "ქართულმა ოცნებამ" აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, დასავლელმა პარტნიორებმა პრინციპულად მოითხოვეს მმართველი გუნდისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რის საფუძველზეც 8 მარტის შეთანხმება გაფორმდა.