
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, დიღმის მასივში დაჭრის ფაქტზე 1995 წელს დაბადებული გ.ო. და 1986 წელს დაბადებული ჯ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, დიღმის მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენეს. ორივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო",- ნათქვამია განცხადებაში
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: