პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები ოპოზიციას უფლებებს უზღუდავს

გამოქვეყნდა:

ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც ოპოზიციას უუფლებოდ ტოვებს - საკითხს ამ წუთებში სესიაზე განიხილავენ, მანამდე კი ცვლილებებს მესამე მოსმენით საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  მხარი დაუჭირეს.

კანონპროექტის მიხედვით, ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტის ექვსი წევრის ნაცვლად, შვიდი იქნება საჭირო. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კანონპროექტი პარლამენტში ოპოზიური პარტიების მუშაობას ზღუდავს.

რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. გარდა ფრაქციის შექნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის განსაზღვრისა, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრები, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული, მოხსენიებულნი იქნებიან უფრაქციო წევრებად და ასევე, სხვადასხვა პარტიებისა თუ საარჩევნო ბლოკებით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შესრული დეპუტატები ერთ ფრაქციაში გაერთიანებას ვერ შეძლებენ. 

ოპოზიციის წარმომადგენლები რეგლამენტის ცვლილების კანონპროექტს არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ის საკუთარ ინტერესებს მოარგო. 

ცუდი მხარე ისაა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის როლს აკნინებს. გასაკვირია, რომ ესენი ღებულობენ ამას, რადგან ესენი იქნებიან ოქტომბრიდან ოპოზიციაში და საკუთარ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ უფლებებს იზღუდავენ. არ არის კარგი და არ დავუჭერთ მხარს, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე. 

მისი თქმით, ერთადერთი კარგი ამ კანონპროექტში ბიუროკრატიის მცირედად შემცირებაა, კერძოდ ის, რომ კომიტეტის თავმჯდომარეებს მოადგილეები აღარ ეყოლებათ.  

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ირაკლი აბესაძის თქმით, საპარლამენტო დებატებისთვის განკუთვნილი დრო ძალიან მცირდება, რაც დაუშვებელია, რადგან პარლამენტი სწორედ და პოლიტიკური დისკუსიის ადგილია. 

არ შეიძლება ოპოზიციურ პარტიებს შეუზღუდო ფრაქციების შექმნის უფლება, ასევე მათ შეუზღუდო ისეთ მნიშვნელოვან უწყებებში წარმომადგენელთა არჩევაში მონაწილეობის უფლება, როგორიცაა, მაგალითად, საპროკურორო საბჭო ან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

მისი თქმით, ცვლილებების დიდი ნაწილი შემდეგ პარლამენტში აუცილებლად გადაიხედება.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი