
პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ "უპასუხისმგებლო და მავნებელი" ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ევროკავშირში დადიან და "ათას სისულელეს" ავრცელებენ ქვეყნის წინააღმდეგ.
მან ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას "სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული" უწოდა.
"გახსოვთ, რომ როცა უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, პირდაპირ ეხვეწებოდნენ, მუხლის ჩოქებზე დადიოდნენ ევროპაში, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი, ანუ დაესაჯათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი. ახლა მოახერხეს ის, რა თქმა უნდა, მხოლოდ ამათ არა, მაგის ილუზია არავის არ აქვს, რომ ამ საცოდავებს ამდენი შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია, რომ როლი შეასრულეს და გამოიყენეს მათი განცხადებები და საბაბად, ასე ვთქვათ ეს საშინელებები რაც ჩაწერეს რეზოლუციაში, სამარცხვინო ბრალდებები არის ამათი მიწოდებული ე.წ. ფაქტები და მტკიცებულებები თურმე.
ესე იგი რა გამოდის, რომ თუ ამ ადამიანებს რეალურად გული შესტკიოდათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე და შესტკივათ, მაშინ რატომ მოუწოდეს თავის პარტიას, კითხვას ვუსვამ საჯაროდ, რატომ არ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ის რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას "ათი თავით უსწრებს" ყველამ კარგად იცის.