პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 20 ივნისის, ევროინტეგრაციის მომხრეთა აქციაზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ ადგილი ექნება გარკვეულ პროვოკაციებს, ხელისუფლება იქნება მკაცრი და "კანონით მონიჭებული ძალით" დაიცავს მოქალაქეების მშვიდობას.
ღარიბაშვილმა თქვა "ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ", მაგრამ საიდან აქვს ინფორმაცია, რომ აქციაზე შესაძლოა, რაიმე პროვოკაცია იყოს, უცნობია.
"დესტრუქციულ ძალებს უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს რაღაცა ევროკავშირში ინტეგრაციის და სტატუსის მონიჭების მოთხოვნით.
ვინ ითხოვს ამ აქციას, ვინ ატარებს? შემთხვევით ის ძალა ხომ არა, რომელიც აქ ადამიანს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას? რომელმაც ომის შემდეგ ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს? შემდეგ ცალმხრივად გაუხსნა უვიზო რეჟიმი და პირადად ეს ბოროტი მასხარა სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს.
აი, ეს ძალა ითხოვს თურმე ე.ი. ევროკავშირის სტატუსის მონიჭებას, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია საერთოდ დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით, მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ - ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ახლა უკვე აპლიკაცია, რომელიც ჩვენ შევიტანეთ.
ასე რომ მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, მეგობრებო, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას",- თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "შინ ევროპისკენ" - მოძრაობა სირცხვილიამ ღონისძიება ჩანიშნა, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს, 20 საათზე დაიწყება, ხოლო 21 საათიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.
იხილეთ ასევე: