
საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედში" ცენტრ "ემპათიის" ექიმებმა მოინახულეს. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მანვე აღნიშნა, რომ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ შესაბამისი პირობები არ არის.
მარიამ ჯიშკარიანმა ასევე თქვა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას, სავარაუდოდ, ტრავმული დაზიანება მიიღო კისრის მიდამოში, რისი შედეგებიც MRTკვლევაშიცაა ასახული.
ჯიშკარიანის თქმით, კვლევაში ბევრი ახალი დეტალია, რაც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მკურნალობა და მოპყრობა იყო.
"დღეს ჩატარდა დამატებითი კვლევები, დამატებითი ექსპერტი იყო ჩართული. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მე შემიძლია იგივე ვთქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არაა ამის გამოცდილება. ეს დაადასტურა შიგნით არაადეკვატურმა მკურნალობამ. არაა გამორიცხული, მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას ტრავმული დაზიანება კისრის მიდამოში და ეს შედეგები ასახულია მრტ კვლევაზე და იქ ბევრი ნიუანსია, რაც ადასტურებს იმას, რომ მკურნალობა, მართვა და მოპყრობა ადამიანის მიმართ იყო არასათანადო", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.
მესამე პრეზიდენტი დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მოინახულა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის სტატუსს შეეხო. ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან დედა - გიული ალასანია და მიხეილ სააკაშვილის შვილი იმყოფებიან.