
საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასა და ამ რეზოლუციაზე საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც დეგნანმა აღნიშნა, საქართველოში არ იცნობს არავის, ვისაც ქვეყნის ომში ჩართვა სურს. მისივე სიტყვებით, საქართველოს კარგად ესმის ის სიტუაცია, რაც ახლა უკრაინაშია და ეს ჩანს იმ დახმარებაშიც, რომელიც ქვეყანამ უკრაინისთვის გასწია.
დეგნანმა, პოლიტიკურ პარტიებსა და ხალხს ერთიანი მიზნის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდა.
"მე ვერ ვისაუბრებ პრემიერმინისტრის ნაცვლად, თუმცა გეტყვით იმას, რომ მე არ ვიცი არავინ საქართველოში, ვისაც სურს რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული, საქართველომ ეს მძიმე პერიოდი თავად გაიარა და მათ ძალიან კარგად ესმით ის, ჰუმანიტარული სიმძიმე, რაც ახლა უკრაინაშია და ამის ნათელი მაგალითია ის გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საქართველომ უკრაინას გაუგზავნა.
ახლა არ არის ჩხუბის და დაპირისპირების დრო, ეს ის მომენტია, როცა ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ, ქვეყნის უკეთესი მომავლისა და ინტერესების გათვალისწინებით. ერთობა არის მნიშვნელოვანი და დაპირისპირების გადადება ამ საკითხთან მიმართებაში მაინც. მე იმედი მაქვს, ქართველები შეასრულებენ ქვეყნის დევიზს - "ძალა ერთობაშია", - თქვა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ. ის 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული. დამტკიცებამდე რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხება. დოკუმენტს მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.