"ქართულ ოცნებას" მორალური უფლება არ აქვს იზეიმოს და დაგვამადლოს - ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება

გამოქვეყნდა:

დღეს საქართველოს პარლამენტმა ისტორიული ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ქვეყანას ახალი, პროპორციული საარჩევნო სისტემა აქვს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებს. მათი განმარტებით, ოპოზიცია მმართველი გუნდისგან პირობის ბოლომდე შესრულებასა და  გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდება.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, რომან გოცირიძის განმარტებით, აუცილებელია გიორგი რურუას გათავისუფლება, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პატიმრების ყოლა ქვეყანაში დემოკრატიულ ცვლილებებს შეაფერხებს. საკონსტიტუციო ცვლილებებს კი იგი მმართველ გუნდზე ზეწოლის შედეგად მიღებულ მიღწევად მიიჩნევს.

ვერ გაუძლო "ქართულმა ოცნებამ" და პირადად ბიძინა ივანიშვილმა იმ წნეხს, რომელიც მოდიოდა ამ თვეების განმავლობაში," - ამბობს გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებებს დადებითად აფასებს, თუმცა იგი მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულებისკენ მოუწოდებს, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. 

ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც ცვლილებებს მხარი სამივე მოსმენით დაუჭირეს, ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება და არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება დეკლარაციული ტიპის დოკუმენტია, რომელშიც სახელები და გვარები ნახსენები არაა. მიუხედავად ამისა, იგი მართლმსაჯულების პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებას მხარს უჭერს. 

პირველი ნაბიჯი 8 მარტის შეთანხმების არის ბოლომდე მიყვანილი, მეორე ნაწილთან დაკავშირებით, პოლიტიკური წნეხის თვალსაზრისით... ბუნებრივია, ყველანი მივესალმებით, რომ მაქსიმალურად თავისუფალი იყოს განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში სასამართლო და ზოგადად სამართალდამცავი უწყებები, - განმარტავს ჯაში.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე კი გულდასაწყვეტად მიიჩნევს, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ამ დრომდე არ შესრულებულა, რადგან ეს დადებითად იმოქმედებდა წინასაარჩევნო გარემოზე.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს დასავლელი პარტნიორების კრიტიკა და პირობა ბოლომდე შეასრულოს.

როდესაც ამერიკის ელჩის განცხადება გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ შეთანხმების ორივე პუნქტი უნდა იყოს შესრულებული, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის შესრულებული მეორე ნაწილი სრულად, - თქვა ბესელიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურებიან არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. მათი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებები მეტ-ნაკლებად გაანეიტრალებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, თუმცა გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე 8 მარტის შეთანხმება მიღწეულად ვერ იქნება მიჩნეული.

"ქართულ ოცნებას" მორალური უფლება არ აქვს, რომ ეს იზეიმოს და დაგვამადლოს, - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

"ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ რურუას გათავისუფლება ოპოზიციის შეუვალი მოთხოვნაა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი