სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა ასეთი ინტენსივობით არ არის მიზანშეწონილი - კობა ლურსმანაშვილი

გამოქვეყნდა:

„სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა ასეთი ინტენსივობით არ არის მიზანშეწონილი“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა აშშ-დან მომდინარე კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.

კობა ლურსმანაშვილმა რეალურად მმართველი პარტიის პოზიცია გაახმოვანა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ოპონენტებს არ დევნის. მისივე პოზიციაა, რომ სტრატეგიული პარტნიორები ინტენსიურად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში.

„რაც შეეხება განცხადებებს ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან, პირადად ჩემთვისაც არის შემაშფოთებელი, როდესაც უსაფუძვლოდ გამოიხატება ხშირ შემთხვევაში მათი კრიტიკა ჩვენს ქვეყანაში არსებულ მზარდ დემოკრატიასთან თუ ეკონომიკურ სვლასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა ასეთი ინტენსივობით არ არის მიზანშეწონილი. მე როგორც პარლამენტის წევრს, უფლება მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული ჩემი უფლებებიდან გამომდინარე მივიღო გადაწყვეტილებები საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, როდესაც თითქოსდა ოპონენტების შევიწროება ხდება, აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ ამას, რადგანაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალწარმოება, რომელთა საბოლოო შედეგიც ახლა დადგა, აქედან გამომდინარე, ეს ვერ იქნება პოლიტიკური ნიშნით გამომდინარე სამართლებრივი ქმედებები მიმართული ოპონენტების წინააღმდეგ“ - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

კობა ლურსმანაშვილის გარდა, დასავლეთიდან მომდინარე კრიტიკას პარტიის ლიდერებიც გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორები ისევ შეცდომაში არიან შეყვანილები. ისინი ასევე ამართლებენ მილიონობით დოლარის დახარჯვას ლობისტებზე, რომლებმაც პარტიის იმიჯი დასავლელი პარტნიორების თვალში უნდა აამაღლონ.

მმართველი გუნდის პოზიციას კი სრულად ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საბოლოოდ მოწყდა რეალობას და ივანიშვილის გუნდს იმიჯის გამოსასწორებლად ვეღარც მილიონ დოლარიანი ლობი უშველის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი