ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში სანქციებზე გაკეთებული ჩანაწერის გამო მმართველი გუნდის კრიტიკით, ივანიშვილისთვის ვალი გადახდა დაიწყო.
"ალბათ მარტო სალომე ზურაბიშვილი იყო დარჩენილი, ვინც ვერ დაიცვა ბიძინა ივანიშვილი, აქ არ იყო უბრალოდ. საუბრობენ იმაზე, რომ თურმე ხალხს ჰქონია ვალი ბიძინა ივანიშვილის. ხალხს არა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად აქვს ვალი და სწორედ ამ ვალის გადახდა დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი დღეს არის ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებს ისევ. ჩვეულებრივად შეიძლება 48 და 41-ს შორის ისევ ტოლობის ნიშანი დავსვათ", - თქვა ენმ-ის წევრმა, გიორგი ბოტკოველმა.
პარტია "ლელოს" წევრი, საბა ბუაძე აღნიშნავს, რომ ივანიშვილისა და "ოცნების" ერთმანეთისგან გამიჯვნა არაადეკვატურია.
"ივანიშვილის და "ქართული ოცნების" გამიჯვნა არის აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასება, ვინაიდან "ქართული ოცნება" არის ივანიშვილი და ივანიშვილი არის "ქართული ოცნება". აქედან გამომდინარე, ის, რომ გავაცალკეოთ ეს ორი ერთმანეთისგან არავის სჯერა. ამას პირველ რიგში აღნიშნავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები რეზოლუციაში, რომლებიც ამბობენ, რომ ივანიშვილის როლი დემოკრატიის უკუსვლაში იყო გადამწყვეტი. ამიტომ, ეს მცდელობა ვფიქრობ, იყო არაადეკვატური", - თქვა საბა ბუაძემ.
ცნობისთვის, ქვეყანაში არსებული უმძიმესი კრიზისის ფონზე, ევროპიდან დაბრუნებულმა სალომე ზურაბიშვილმა მოლოდინის მიუხედავად ევროპარლამენტის უპრეცედენტოდ მწვავე რეზოლუციის მთავარი გზავნილები არ გაითვალისწინა, პოლიტიკური პატიმრები ციხეში დატოვა და ხელისუფლების გაფუჭებული საქმის გამოსწორება არც თავად ისურვა. იყო კრიტიკაც, თუმცა მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც საქმე ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებას ეხებოდა. ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს მიმართა, რატომ ვერ შეძლეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილისთვის სანქციების ჩანაწერის თავიდან აცილება.
ამასთან, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღებამდე 9 დღით ადრე ზურაბიშვილმა აქციაც დააანონსა. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერი აქცია სამოქალაქო აქტივისტებს უკვე 20 ივნისს აქვთ დაგეგმილი.
ამავე თემაზე: