
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პრეზიდენტთან "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონია. ნინო ლომჯარიას თქმით, ბოლო მან პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით წინადადება გაუგზავნა.
"ბოლო კომუნიკაცია, უფრო სწორად მას მივწერე იმ დღეს, როდესაც გავუგზავნე ჩემი წინადადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ამის შემდეგ მისი მხრიდან პირადად არ ყოფილა ჩემთან კომუნიკაცია", - თქვა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიამ წარსულში მზადყოფნაც გამოხატა, რომ სურვილის შემთხვევაში პრეზიდენტს შეხვდებოდა და ნიკა გვარამიას საქმის დეტალებს გააცნობდა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენის დასაბუთება გამოაქვეყნა სახალხო დამცველმა პრეზიდენტს მიმართა შეეწყალებინა ნიკა გვარამია. ომბუდსმენის განცხადებით, სასამართლომ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, ხოლო განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია.