
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უკრაინელების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან ის უკრაინას დაპირებულ მძიმე იარაღს არ აწვდის. ამასთან დაკავშირებით არესტოვიჩმა გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი განმარტებით, უკრაინას გერმანიისგან შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო დანადგარები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და დრონები სჭირდება.
"თუ საკმარისი იარაღი გვექნება, ომს მოვიგებთ. როდესაც დასავლეთმა მოგვცა 120 ერთეული შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემა, ფრონტზე სიტუაცია მაშინვე შეიცვალა. სამ დღეში რუსებმა შეტევის სიჩქარე დაკარგეს", - თქვა არესტოვიჩმა.
მანვე გაიხსენა, რომ გერმანია უკრაინას 88 ერთეული "ლეოპარდის" ტიპის ტანკისა და 50 ერთეული "გეპარდის" თვითმავალი საზენიტო დანადგარის გადაცემას დაჰპირდა.
"ეს საკმარისი იქნებოდა უკრაინის არმიის ორი ბრიგადისთვის. ახლა, თუ სადმე ფრონტის ხაზზე ორი ბრიგადა გვეყოლება, შევძლებთ გავათავისუფლოთ ხერსონი ან განვდევნოთ ოკუპანტები პოპასნადან და სევეროდონეცკიდან. დღეს ორი ბრიგადა დიდი ძალაა", - დასძინა არესტოვიჩმა.
ჟურნალისტის კითხვას, რას ეტყვის ოლაფ შოლცს, თუ მას შეხვდება, ალექსეი არესტოვიჩმა ასე უპასუხა:
"ბატონო შოლც, თქვენ პასუხისმგებელი ხართ ჩვენს დაღუპულ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე. ბავშვები ყოველდღე იღუპებიან, ყოველდღე 100 ჯარისკაცს ვკარგავთ რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე იარაღს. უკრაინის არმია ძლიერია, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ რუსები და განვდევნოთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან, მაგრამ გვჭირდება იარაღი", - მიმართა არესტოვიჩმა გერმანიის კანცლერს.