
"ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლოზე ზეწოლასა და ჩარევაში დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, გამოძიებები ფერხდებოდა იმის გამო, რომ ლობისტები ითხოვდნენ, არავინ შეხებოდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს:
"იყო პირდაპირი ზეწოლა სასამართლო სისტემაზე. როდესაც აკეთებენ განცხადებებს სენატორები, ევროკავშირის ლიდერები, პირველი პირები და ა.შ. ეს ხდებოდა 2012 წლიდან მოყოლებული. ევროპარლამენტარები, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები და ა.შ. როდესაც ასეთი პოლიტიზებული ზეწოლა ხორციელდება, სასამართლოსი, გავლენის რისკი არის ძალიან მაღალი.
ეს არ არის ჩარევა, როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული პირდაპირ ერევიან მართლმსაჯულებაში და ამბობენ, რომ არ შეეხოთ ნაცმოძრაობის კრიმინალ ლიდერებს [?!] ამბობს კობახიძე "პალიტრანიუსის" ეთერში.
კითხვაზე, ხომ არ იყო ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი, კობახიძე ამბობს, რომ კარგად არ იცის რა ხდებოდა 2015 წლამდე და ამტკიცებს, რომ 2015 წლის შემდეგ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არავითარი გარიგება აღარ ყოფილა.
მისივე თქმით, 8 მარტის შეთანხმების შემდეგ ითქვა, რომ მართლმსაჯულებაში აღარ ჩაერეოდა არავინ, არც უცხოელები, არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება.