ზურაბიშვილის ბრიფინგი მიმართული იყო საქართველოს მიერ სტატუსის მიღების წინააღმდეგ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ბრიფინგი მიმართული იყო ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. მისი აზრით, ხელისუფლების ანტიევროპულ რიტორიკაზე კრიტიკას არავითარი საფუძველი არ აქვს.

კობახიძემ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილის ბრალდებებს ცალ-ცალკე უპასუხა და სალომე ზურაბიშვილი ტყუილშიც დაადანაშაულა.

"სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილია ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და მეორე მხრივ საჯაროდ თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე ახლა კი არის ბოლო ადგილზე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, ამ განცხადებას მხოლოდ უმძიმესი შეფასება შეიძლება მიეცეს. პრეზიდენტის ეს ე.წ. შეფასება რომ ტყუილია ამასაც კი არ აქვს ამ შემთხვევაში რაიმე არსებითი მნიშვნელობა. [...] რატომ აკეთებს ამას სალომე ზურაბიშვილი და რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ",- თქვა კობახიძემ. 

მისივე აზრით, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ "არგუმენტები არ დაგვრჩა" და კანდიდატის სტატუსის მიღების "მცირე შანსი" რჩება, ეს რადიკალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი