
რუსული მეთოდია, დააბრალო სხვას ის, რასაც შენ აკეთებ - ასე პასუხობს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძის მუქარასა და მორიგ თავდასხმას კრიტიკულ მედიაზე.
კობახიძე ამჯერად ტელევიზიების შემოსავლებით ინტერესდება და ამტკიცებს, რომ ისინი "სისხლიანი ფულით" ფინანსდებიან:
"ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. რაც უნდათ გამოიძიონ, მიუხედავად იმისა, რომ დიახ, გვაქვს ფინანსური პრობლემები, მაინც ვარსებობთ და როგორც ჩანს, ეს აწუხებთ მათ" - ამბობს მურადაშვილი.
"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი კი ამბობს, რომ შავი ფული, თან ძალიან ბევრი სწორედაც რომ ქართულ ოცნებაში ტრიალებს:
"კონვერტები, შავი ფული, არაერთხელ გვაქვს ნანახი თუნდაც არჩევნების დღეს ამიტომ, ირაკლი კობახიძეს მოვუწოდებდი, რომ ნაკლები შავი ფული გაატაროს ქართულ ოცნებაში" - ამბობს წერეთელი.
თუ სადმე დანაშაული ხდება რას მიკეთებენ? - ამბობს "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და აცხადებს, რომ ოცნების თავმჯდომარის განცხადებები ადამიანების ტალახში ამოსვრას ემსახურება:
"ტალახს ასხავს ყველას, რომ ყველა ამოგანგლოს, თვითონაც დიდი ხანია გორაობს ტალახში, მე ვიცი სად მიდის შავი ფული, ბიუჯეტის ფული, სუს-ის ფული ცელოფნებით, მათ კრიმინალურ კარტელში, ტელევიზიებს რომ ეძახიან და თუ უნდათ შემიძლია მივაწოდო ინფორმაცია" ამბობს ჯანგირაშვილი.
სახალხო დამცველი კი ამბობს, რომ რადიკალურ განცხადებებს კობახიძის მხრიდან, უკვე შეეჩვია.