
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ რუსთავის ციხეში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოინახულა. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ელოდა გუშინ პრეზიდენტის ბრიფინგიდან გამომდინარე ნიკა გვარამია შეწყალებას დეკანოიძემ უპასუხა - "მითხრა, რომ არა, არ ელოდებოდა".
"ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, კონკრეტულად გზავნილები, რომელიც იყო, მათ შორის თუნდაც ევროპარლამენტში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ბრიუსელში, რა თქმა უნდა, მე ეს ნიკას გადავეცი. მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად შესაშური გამძლეობისა და ბრძოლის მაგალითია ნიკა. ერთი რაც არის მისთვის ახლა მნიშვნელოვანი, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ეს არის რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც არის ძალიან აუცილებელი და ისტორიულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ესმოდეს თემას. [...] მითხრა, რომ არა, არ ელოდებოდა", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენის დასაბუთება გამოაქვეყნა სახალხო დამცველმა პრეზიდენტს მიმართა შეეწყალებინა ნიკა გვარამია. ომბუდსმენის განცხადებით, სასამართლომ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, ხოლო განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია.