ივანიშვილს არ აღელვებს ქვეყანა, ხალხი უნდა დაფიქრდეს შემდგომ არჩევნებში ვის მისცეს ხმა - ევროპარლამენტის წევრი

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილს ქვეყანა არ ადარდებს და ქართველი ხალხი კარგად  უნდა დაფიქრდეს, ვის მისცეს ხმა - ეს განცხადება ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონკრამონ ტაუბადელმა გააკეთა.

ევროდეპუტატმა საქართველოში შექმნილი მდგომარეობა სტრასბურგიდან უმწვავესად შეაფასა, სადაც ვიზიტით იმყოფებიან „ქართული ოცნების“ გენერალური და აღმასრულებელი მდივნები და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ მსჯელობენ. 

საქართველოში შექმნილი ვითარების უმწვავესად შეფასების შემდეგ ევროპელი პარლამენტარები უკვე პერსონალურ კრიტიკაზე გადავიდნენ და ამბობენ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა უნდა დასრულდეს. 

„საქართველოში კრიტიკული ვითარებაა, ძალიან პოლარიზებული და მეტწილად გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. გადაწყვეტილებას მთავრობა და პარლამენტი კი არა, სწორედ ის იღებს, თან ისეთს, რომელიც მას აწყობს და არა ქვეყანას. ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვის. მეორე, მთავარი რამ, გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, საუბარი არ არის ერთ რომელიმე კონკრეტულ საქმეზე, არის სხვა ბევრი საქმეც, რომელიც არ არის გამჭვირვალე, ნათელი არ არის, რატომ უსჯიან ხალხს პატიმრობა. მესამე, როგორ გადავჭრათ საარჩევნო სისტემა, იყო დაპირება და საჭიროა შეთანხმებას არჩევნებამდე მიაღწიონ... ფაქტობრივად, ივანიშვილს არ აღელვებს ქვეყანა, ხალხი უნდა დაფიქრდეს შემდგომ არჩევნებში, ვის მისცეს ხმა“, - განაცხადა ვიოლა ფონკრამონ ტაუბადელმა.

ევროპარლამენტის წევრის მხრიდან კრიტიკას მმართველ გუნდში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ევროდეპუტატებს „ქართული ოცნების“ წევრებმა რეალური ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შორის 20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აუცილებელია კონსენსუსი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება უკვე წავიდა კომპრომისზე, ახლა კი ჯერი ოპოზიციაზეა. მმართველი გუნდის წევრები კიდევ ერთხელ საუბრობენ გიგი უგულავას დაკავებაზე და პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი