მარნეულის სოფლებში ადამიანები წლებია უწყლობას საკუთარი ძალებით ებრძვიან. ყველაზე ახლომდებარე სოფელი, საიდანაც წყლის მოტანას ახერხებენ 19 კილომეტრშია.
მარნეულში ამბაროვკას მსგავსად უწყლოდ კიდევ ოთხი სოფელია დარჩენილი. მოსახლეობა წლებია ითხოვს, რომ წყალმომარაგებისთვის დაწყებული პროექტები ხელისუფლებამ ბოლომდე მიიყვანოს.
მოსახლეობის გასაჭირი ხელისუფლებამ კარგად იცის, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ აუდიტის სამსახურმა წყალმომარაგების კომპანიის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მილიონობით თანხის ათვისება კომპანიამ ვერ მოახერხა, ამის გამო საქართველოს რეგიონების მოსახლეობა კომუნალური მომსახურებების გარეშე დარჩა.
2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული 6 სასესხო ხელშეკრულებით დამტკიცებული 477,533,244 აშშ დოლარის რესურსიდან, ათვისებულია მხოლოდ 217,173,863 აშშ დოლარი. 49 შემთხვევაში კომპანიას არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა, კომპანიამ 20 გაცემული ავანსიდან 17 შემთხვევაში, რაც ჯამურად 6,058,657 ლარს შეადგენს, ვერ შეძლო სათანადო დასაბუთების წარმოდგენა. შემოწმებული 29 სამშენებლო შესყიდვიდან 10 შემთხვევაში 17,837,421 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების შესყიდვებზე, კომპანიამ ვერ წარმოადგინა შესრულებული სამუშაოების ხარისხი.
იმის გამო რომ, კომპანიამ თანხის გახარჯვა ეფექტურად ვერ მოახერხა, წყლის პრობლემა აქვთ ყვარელშიც. გამოყოფილი ოთხი მილიონიდან კომპანიამ მხოლოდ ორი მილიონი ლარი დახარჯა.
წყალის ხარისხის კონტროლზე აუდიტის დასკვნაში წერია, რომ წყალმომარაგების კომპანია ვალდებულების მიუხედავად სასმელი წყლის კონტროლს არ ახორციელებს, ამიტომ არავინ იცის რას სვამს მოსახლეობა.
კიდევ ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც აუდიტის დასკვნაში მოხვდა და სადაც სახელმწიფომ შეცდომები დაუშვა, ფოთის საკანალიზაციო სისტემაა. პროექტის მიხედვით 2020 წლის 31 ივლის 130 მილიონიანი პროექტი უნდა დასრულებულიყო, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე საავანსო გადახდები კი სამუშაოების შესრულებისთვის თანხებს თითქმის გაუთანაბრდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ სამუშაოების 15 %-ია შესრულებული. აუდიტის დასკვნაში კორუფციის ნიშნებს ხედავს ოპოზიცია.
საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლების ხელფასი წელს 4 %-ით გაიზარდა. შემოსავლების ნაწილი ხარჯების ნაწილზე გაცილებით ნაკლებია. აუდიტის დასკვნის მიხედვით კი სამუშაოები ხშირ შემთხვევაში შეუსრულებელია, ამიტომ არავინ იცის რატომ იღებს მაღალ ანაზღაურებას წყალმომარაგების კომპანიის 2800 თანამშრომელი შეუსრულებელი, ან ხშირად უხარისხო საქმიანობისთვის.