
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის თემა, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა, უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის განხილვას მოიცავდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბურჭულაძე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თანდასწრებით სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ წარმოადგენს იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო, ეს კი, თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ტრანსფორმაციასთან ერთად, ქვეყანას კიდევ უფრო აძლიერებს და ალიანსთან თავსებადს ხდის.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე ალიანსთან ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ქვეყანა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ძალისხმევას არ იშურებს და მშვიდობიან განვითარებას განაგრძობს.
„დღეს ჩვენ ისე გვჭირდება აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანებული ყოფნა, როგორც არასდროს. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იქნება სრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სათანადო მხარდაჭერის მიღებას, როგორც საქართველოსთვის მოკავშირეთა გაძლიერებული დახმარების ხელშესახებ მექანიზმს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი კონკრეტული შედეგებით მადრიდში დაგეგმილ ნატოს სამიტზე გახდება ცნობილი.
ბურჭულაძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსაც შეხვდა და მადლობა გადაუხადა ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის გაწეული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა, აღნიშნულ საფრთხეებთან მიმართებით საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნით.
ყურადღება დაეთმო „საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ (Tailored Support Document) განხილვას, რომელიც მორგებულია თავდაცვის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული დახმარებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც.
ნატოს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთვის მხარდაჭერის გაძლიერებისთვის მზადყოფნა, მათ შორის ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრაზე დადასტურდა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოახლოებული ნატო-ს მადრიდის სამიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.
ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან." ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.