მსხვერპლმა შარდის ნაცლად ლუდი წაისვა - მოსამართლემ ოლიგარქის ოჯახის მეგობარი, თემურ აბაზოვი გაამართლა

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ ჩინოვნიკი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის გინების გამო მოქალაქეს სახე შარდით დააბანინა, სასამართლომ გაამართლა. თითქმის 2-წლიანი განხილვის შემდეგ მოსამართლემ თქვა, რომ  მარნეულის მკვიდრმა სახეზე არა შარდი, არამედ, სავარაუდოდ, ლუდი  წაისვა. 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მარნეულის ყოფილ მერს ბიძინა ივანიშვილის გინების გამო არავინ დაუმცირებია, არადა სკანდალურ კადრებში ჩანს მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. გამართლებული აბაზოვი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მეგობარია, „მთავართან“ საუბარში ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდის ლიდერთან მეგობრობა მისი გათავისუფლების მიზეზი არ არის.

მარნეულის მერის წინააღმდეგ 2018 წლის ივნისში საქმის გამოძიება უმძიმესი მუხლებით დაიწყო, თუმცა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებული აბაზოვი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. არსებობს ეჭვი, რომ მის მიმართ სასამართლო ლოიალური ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობის გამო იყო. მათ ახლო კავშირს კი გათავისუფლების შემდეგ აბაზოვის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ვიზიტი ადასტურებს, სადაც ის ივანიშვილს პირადად შეხვდა.

ოპოზიციამ დღეს გაასაჯაროვა დოკუმენტებიც, რომელიც ამტკიცებს, რომ აბაზოვი 2012-2013 წლებში  პრემიერ  ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, ამის შემდეგ კი დაწინაურდა და მარნეულის თვითმმართველობის ორგანო ჩაიბარა.

ოპონენტების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, აბაზოვი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ „ოცნების“ ჩინოვნიკმა მორალური ზიანი მიიღო, დაკარგა თანამდებობა იმ ბრალდების გამო, რომელიც არ დადასტურდა და რომელიც მის წინააღმდეგ განზრახ აგორებული შავი პიარი იყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი