"ობშიაკები", კრიმინალური სიმბოლოები საკნებში და ძალადობა პატიმრებს შორის - ომბუდსმენის განცხადება CPT-ის ანგარიშზე

გამოქვეყნდა:

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ  ანგარიშში არაერთ საყურადღებო პრობლემასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ციხეებში არაფორმალური კრიმინალური მმართველობის ნიშნებზე. 

ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დელეგაცია საქართველოს ე.წ. „ციხის კადრების“ გავრცელების შემდეგ პირველად ესტუმრა და საგანგებო ვიზიტის საჭიროება კონკრეტული გარემოებებით იყო განპირობებული, მათ შორის, უპირველესად სწორედ სახალხო დამცველის მიერ, 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელშიც საუბარია პენიტენციურ სისტემაში არსებულ არაფორმალურ მმართველობასა და პატიმართა შორის ხშირი ძალადობის ფაქტებზე. 
 

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის საგანგებო ვიზიტის ანგარიში სრულ თანხვედრაშია  სახალხო დამცველის ანგარიშის მიგნებებთან პენიტენციურ სისტემაში არსებულ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. კომიტეტის მოსაზრებით, სამივე ნახევრად ღია დაწესებულება (N14, N15 და N17) წარმოადგენს დიდ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომლების რაოდენობა ვერ უზრუნველყოფს დაწესებულებებზე სრული კონტროლის განხორციელებას.  ხშირია პატიმართა შორის ძალადობის ფაქტები. დაწესებულებებში ერთად არიან მოთავსებულნი დანაშაულის პირველად და არაერთგზის ჩამდენი პირები. ასეთ პირობებში, სისტემაში ახლად მოხვედრილი პატიმრები იმყოფებიან დიდი რისკის ქვეშ, რათა ნებით თუ უნებლიედ, ჩართული იყვნენ „არაფორმალურ კრიმინალურ აკადემიაში“.

დელეგაციის განსაკუთრებული შეშფოთება არაფორმალური კრიმინალური მმართველობის აშკარა ნიშნებმა გამოიწვია. ტიპური სიმბოლოები განთავსებული იყო საკნების კარებსა და კედლებზე. ასევე, ყველა დაწესებულებებში აშკარა განსხვავება იყო საკნებს შორის: მაშინ როცა პატიმართა უმეტესობას საკმაოდ ცუდ პირობებში იმყოფებოდა, ზოგიერთი პატიმარი სარგებლობდა გარემონტებული საკნებით (პარკეტით ან გრანიტის იატაკით) და ბევრად არასტანდარტული აღჭურვილობით. 

რამდენიმე პატიმარმა დელეგაციას დაუდასტურა კრიმინალური იერარქიის არსებობა, ფულის შეგროვება/გამოძალვა და პატიმართა უკანონო ფონდის ე.წ. საერთოს („ობშიაკის“) არსებობა. რეპრესიების შიშიდან გამომდინარე, ბევრი პატიმარი დელეგაციასთან საუბრისგან თავს იკავებდა.  

კომიტეტი მიუთითებს, რომ აშკარად ჩანდა, როგორც ადმინისტრაციის, ისე პატიმართა იერარქიის წევრების მიდგომა იყო იმგვარი, რომ ნებისმიერი „არასწორი ქცევა“ და ნებისმიერი შიდა კონფლიქტი პატიმრებს შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა განიხილებოდეს არაფორმალურად, პატიმრებს შორის და ადმინისტრაციის ოფიციალურად ჩართვის გარეშე. 

გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ პატიმართა აბსოლუტური უმრავლესობისთვის არ არის ხელმისაწვდომი რესოციალიზაციის აქტივობები, პატიმრობის პირობები არის ხშირ შემთხვევაში პრობლემური და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო. კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს დაზიანების დოკუმენტირების პროცედურებთან დაკავშირებითაც. დელეგაციამ, სამივე დაწესებულებაში წარმოებულ სამედიცინო დოკუმენტაციაში მრავალი ახალი საეჭვო დაზიანებები აღმოაჩინა, რომლებიც მათი ხასიათისა და მდებარეობის გათვალისწინებით შეუძლებელია შემთხვევით ყოფილიყო მიღებული.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს პენიტენციური სისტემის მონიტორინგს იმ მიგნებებისა და რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რაც გაცემულია როგორც სახალხო დამცველის მიერ, ისე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ." ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის განცხადებაში.

CPT-ის ანგარიში დღეს, 16 ივნისს გამოქვეყნდა. დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადება იუსტიციის სამინისტრომაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, პენიტენციურის თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი