საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპელი ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინისთვის "დაუყოვნებლივ" კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ამის შესახებ მაკრონმა, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.
მისივე თქმით, ამ სტატუსს მოჰყვება საგზაო რუკა, რომელიც ასევე გულისხმობს დასავლეთ ბალკანეთისა და მოლდოვის ვითარების მხედველობაში მიღებას.
"ჩვენ ოთხივე [საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუმინეთი] მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. ევროპა თქვენს გვერდითაა სანამ იქნება საჭირო, სანამ გამარჯვება არ იქნება მიღწეული, გამარჯვება, რომელიც დააბრუნებს მშვიდობას თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინაში“, - თქვა მაკრონმა
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი გლობალური კრიზისი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პირდაპირი შედეგია და მოუწოდა რუსეთს მოხსნას ბლოკადა მარცვლეულზე და უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები.