ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად "ქართული ოცნება" აგრესიულ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. გიორგი გახარია დაუფარავად საუბრობს მმართველი გუნდის ამოცანებზე და პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი ამ არჩევნებზე ოპონენტების განადგურებაა.
მთვრობის მეთაურის ფრაზა - ახალ პარლამენტში ხალხის მტრები აღარ უნდა იყვნენ - დაუყოვნებლივ გახდა ოპოზიციის უმწვავესი რეაგირების მიზეზი. ოპონენტები მოითხოვენ გახარიასგან, განმარტოს, ვის გულისხმობს ხალხის მტრებში და რას ნიშნავს მათი არ ყოფნა პარლამენტში?
ოპოზიციის მტკიცებით, ამგვარი რიტორიკა თავად "ქართულ ოცნებას" დააზარალებს, რადგან ისინი თავს პროდასავლურ ძალად აცხადებენ, თუმცა პრორუსულ განწყობებს გამოხატავენ.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ვერ დაუჭირეს, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანია შედეგი და არა პროცესი. ასევე, ცვლილებები დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის შედეგია და არა "ქართული ოცნების" მიერ გატარებული პოლიტიკის.
"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს ავტორიტარული მიდრეკილებები აქვს, ხოლო პარლამენტში რომელი პარტიები შევლენ, ამას ხალხი გადაწყვეტს.
საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ, დღის წესრიგში დგას მშვიდობიანი წინასაარჩევნო კამპანია და მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.