საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. კარენ დონფრიდთან საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი ვითარება, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემები და მედია გარემო იქნება.
შეხვედრას ესწრება ელჩი, კელი დეგნანიც.
"ვისაუბრებ იმაზე, როგორ მოვიფიქროთ ყველამ ერთად რომ გავლენა მოვახდინოთ ამ ხელისუფლებაზე, იმიტომ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, ჩვენ გარდა იმისა, რომ ვკარგავთ ამ ისტორიულ შანსს, ჩვენ გვჭირდება სერიოზული გადატვირთვა ქვეყანაში, იმიტომ რომ ასეთი ტემპით და ასეთი დამოკიდებულებით ქვეყნის მიმართ ხელისუფლების მხრიდან, მოლოდინი იმისა, რომ ეს ქვეყანა განვითარდება და სანდო პარტნიორი იქნება დასავლელი პარტნიორებისთვის, არ შეიძლება გვქონდეს.
რა თქმა უნდა, ვისაუბრებ ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე, მედია გარემოზე, სასამართლოზე, ყველაფერზე ამაზე ვისაუბრებ, მაგრამ დღეს მათ იციან, რომ ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემა", - თქვა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, კარენ დონფრიდი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.