
დეოლიგარქიზაცია! - "ევროპული საქართველო" მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალ კამპანიას იწყებს, ამის შესახებ საგანგებო გაცხადება გიგა ბოკერიამ გააკეთა.
ბოკერიამ თქვა, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, მორალურად გატეხოს ერი და ამ გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. საბოლოოდ კი ოლიგარქი საკუთარ ინტერესებს საქართველოს მომავალს სწირავს.
"ცდილობენ, მტერი და მოყვარე ჩაგვინაცვლონ ერთმანეთში. ღია ომი აქვთ გამოცხადებული დასავლური სამყაროსთვის და გვაგუებენ, რომ ე.წ. ერთმორწმუნე რუსეთი არის ის, რასაც უნდა შევეგუოთ და დავივიწყოთ ის საშინელი დანაშაულებები, რაც ქართველების წინააღმდეგ აქვს ჩადენილი. გენოციდი აქვს ჩადენილი 1990-იანების დასაწყისში აფხაზეთში.
ჩვენ, ჯგუფი : ევროპული საქართველო, აფხაზთა კრება, თავისუფლების ინსტიტუტი, ამომრჩეველთა განათლების ასოციაცია, ვაპირებთ, რომ ამ საკითხზე გვქონდეს კამპანია ყველგან საქართველოში, რათა უდიდესი უმრავლესობა დადგეს სამოქალაქო აქტიურ პოზიციაზე, მოქალაქეებმა დაიბრუნონ რწმენა ქვეყნის მომავლის და ამ გზით მოხდეს ამ რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილება, წინააღმდეგ შემთხვევაში გველის ათწლეულები ბოროტების იმპერიის ჭაობში ყოფნისა",- თქვა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, სწორედ ოლიგარქიული მმართველობისგან გათავისუფლებაა ევროკომისიის მთავარი მოთხოვნა საქართველოს მიმართ, რომელიც ევროპულმა ორგანომ გუშინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაირკვა, რომ კომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გაუწია.