“საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი #78 - ქართველი ხალხის არჩევანია” - ამ სახელწოდებით, გორში აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
აქცია პერფომანსის ორგანიზატორები „დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ გამგეობის წევრები არიან. აქციაზე მოეწყო ციფრული ინსტალაცია, ევროკავშირის და საქართველოს დროშების ფონით,ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის შინაარსის ხმოვანი გაფორმებით.
ჩვენ, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები, ვიზიარებთ დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს და ღირებულებებს, რაზეც დგას ევროატლანტიკური სტრუქტურები და ქვეყნები.
- მოვუწოდებთ ქართველ ხალხს დავდგეთ ერთად და ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ისტორიული არჩევანი და ქვეყნის დეკლარირებული დასავლური კურსი
- მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს ანტი დასავლური რიტორიკა და გადაარჩინოს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისაგან და რუსული ოკუპაციისაგან
- მოვუწოდებთ დასავლურ სტრუქტურებს გაითვალისწინონ ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტი, ასევე, რეგიონში არსებული საფრთხეები, რადგან წლების განმავლობაში ქართველმა ხალხმა სისხლით, ბრძოლით და შრომით დაიმსახურა ევროკავშირის წევრობა",- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
აქციის ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ინტეგრაცია.
მათი თქმით, დღეს, საქართველო ისტორიული გამოწვევის ზღვარზეა და უმნიშვნელოვანესია საზოგადოება იყოს ერთიანი, გახდეს ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსის წევრი.