რუსთავში 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რუსთავში 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე 2004 წელს დაბადებული ლ.ვ. დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი - 1992 წელს დაბადებული გ.ა.,1988 წელს დაბადებული ლ.შ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ხ. დანის გამოყენებით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"დაჭრილი სამი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ლ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.

სამი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.  დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში 3 ახალგაზრდა გუშინ საღამოს დაჭრეს. სისხლიანი დაპირისპირება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი