ამერიკიდან დაბრუნებული პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მოლაპარაკებების განახლებას სთხოვს. რიგრიგობით, დღის განმავლობაში „ოცნების“ ლიდერები საგანგებო ბრიფინგებს მართავენ და ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას სთხოვენ. დასავლეთის იერიშის შემდეგ მმართველი პარტია, როგორც ჩანს, შეშინებულია და გამოსავალს ეძებს.
ბიძინა ივანიშვილის პარტიაზე გიგი უგულავას დაკავების შემდეგ დასავლეთს პოლიტიკური იერიში აქვს მიტანილი. კონგრესმენების, სენატორების და ევროდეპუტატების შემდეგ, დღეს საქმეში უკვე ევროკავშირიც ჩაერთო. საგარეო ურთიერთობების სამსახურმა საგანგებო განცხადებაში „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ უთხრა, რომ უგულავას ციხეში გაშვებამ ოპოზიციასთან დიალოგი ჩიხში შეიყვანა და დამოუკიდებელი სასამართლოს ქონა ევროპის წინაშე ივანიშვილის მიერ აღებული ვალდებულებაა. ევროკავშირის ამ განცხადების შემდეგ „ოცნებამ“ ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება სთხოვა.
გარდა „ქართული ოცნებისა“, ოპოზიციას მოლაპარაკების რეჟიმში დაბრუნებისკენ პრეზიდენტმაც მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ შიდა საქმეები მას არ ეხება, საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს შეხვდა და მედიატორის როლის შესრულებისთვის მზაობა გამოხატა.
სალომე ზურაბიშვილის მიერ შუამავლის როლის მორგება კი ოპოზიციამ ფარისევლობად შეაფასა და თქვა, რომ კრიზისის განმუხტვის გასაღები მის ხელშია და შეუძლია, რომ პოლიტპატიმარი გიგი უგულავა შეწყალების აქტით გაათავისუფლოს.
ოპოზიცია ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, ქუჩაში გასვლა მათ ივანიშვილმა აიძულა და დღესვე გააგრძელებენ დიალოგს თუ ხელისუფლება სამ მთავარ მოთხოვნას შეასრულებს - გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, პოლიტიკურ დევნას შეწყვეტს, პროპორციულ სისტემაზე დაბრუნდებიან და საარჩევნო ადმინისტრაცია შეიცვლება.