ყველაფერი, მთელი ჩვენი ისტორია, ჩვენი წინაპრების ოცნებები, ჩვენი ფიქრები, ყველა თაობის შრომა თუ
გმირობები ამ ისტორიული მომენტისკენ მიდიოდა, რომ საქართველოს ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა ევროპულ ოჯახში. რომ დაბრუნებულიყო იმ ცივილიზაციურ კერაზე, რომლის წევრი ჩვენ ისტორიულადაც ვიყავით, კულტურულადაც, მაგრამ ახლა ეს ყველაფრი პოლიტიკურად და საბოლოოდ უნდა გაფორმებულიყო.
და აი ამ გადამწყვეტ მომენტში, როცა გარემოებებმა უნიკალური შანსი გვარგუნა, ქვეყნის მართვის სადავეებთან აღმოჩნდნენ მავნებლები, რომლებიც მზად არიან ჩვენი სამშობლო და ჩვენი შვილების მომავალი საკუთარ კეთილდღეობას გადააყოლონ. და მზად არიან ისტორიის ჩარხი წაღმა დაატრიალონ და საქართველო ისევ რუსულ უფსკრულში გადაჩეხონ.
ჩვენ ეკრანებიდან ვუყურებდით, როგორ საუბრობდნენ ხელისუფლების მაღალჩინსონები რუსული პროპაგანდის ენით, და როგორი მონდომებით აკეთებდნენ რუსულ საქმეს. როგორი მონდომებით კლავდნენ ჩვენს ევროპულ შანსს. თვალყურის დევნების დრო დამთავრდა, ახლა მოქმედების დროა და ეს დრო არც თუ ისე ბევრი რჩება.
მართალია "ოცნება" ბევრს შეეცადა, რომ ჩვენი ევროპული მომავლის შანსი საბოლოოდ მოეკლა, მაგრამ ევროპამ ეს ფანჯარა ჯერ ბოლომდე არ დახურა. იქ ძალიან კარგად ხედავენ რა არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების რეალური მისწრაფება, და ხედავენ იმასაც, რა უშლის, უფრო სწორად ვინ უშლის ამას ხელს.
დეოლიგარქიზაცია, ელიტური კორუფციის აღმოფხვრა, სასამართლოს დამოუკიდებლობა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ პირობებისა, რომელთა შესასრულებლად დრო წლის ბოლომდე გვაქვს. მაგრამ ამ წინაპირობებიდანაც გაგასგებია მარტივი ჭეშმარიტება, რომ ოლიგარქ ივანიშვილის პირობებში, მისი ჯიბის სასამართლოსა და კორუმპრიებული ხელისუფლების პირობებში საქართველოს არათუ ევროპული მომავლის, გადარჩენის შანსიც კი არ რჩება.