ხოშტარიას მოვუწოდებთ რუსეთიდან გადმორიცხვები გაასაჯაროოს, თუ უარს იტყვის, გამოძიება დაინტერესდეს - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესების სასარგებლო "პროვოკაციებში" ადანაშაულებს. მან ბრიფინგზე ხოშტარიას მოუწოდა გაასაჯაროოს 2008 წლიდან რუსეთიდან მიღებული თანხები. 

მდინარაძის აზრით, თუ ხოშტარია ამაზე უარს იტყვის, საკითხის საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. 

"ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ხოშტარიას ქმედებები სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებს მოემსახურა, თანაც ამას აკეთებდა ისეთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც იყვნენ პრორუსი ბიზნესმენის გულუას პრესსამსახურის წარმომადგენლები, თავის დროზე ჯორჯ ბუშის ქუჩის გახსნის პროტესტის ავტორები თუ რუსეთის ინტერესებთან სხვა ფორმით დაკავშირებული პირები. როდესაც ამ ყველაფერს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან და მოსკოვის დიდი თეატრიდან მიღებული ჰონორარის რაოდენობისთვის შეუსაბამო მილიონობით რუბლი ემატება ლოგიკური ჯაჭვი საბოლოოდ იკვრება", - თქვა მდინარაძემ.

მისი თქმით, ყველას უნდა აინტერესებდეს ხომ არ აქვს "ხოშტარიას რუსულ რუბლებს" კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ 20 ივნისის აქციასთან, რომელიც მდინარაძის აზრით, ევროკავშირის მოწოდებას ეწინააღმდეგება დეპოლარიზაციის შესახებ. 

"თავად ელენე ხოშტარიას მოვუწოდებთ, გაასაჯაროოს სრული ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთიდან მიღებული თითოეული რუბლის შესახებ და ძალიან კარგი იქნება თუ ამ თანხებს გადარიცხავს უკრაინის დახმარების ფონდში. [...] თუ ხოშტარიას დასამალი არაფერი აქვს და საქმე მართლაც მემკვიდრეობით დატოვებულ ჰონორარს ეხება გადმორიცხვების გასაჯაროება არანაირ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო  იმ შემთხვევაში თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, უკვე უდავო გახდება, რომ ისეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომლითაც უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოებიც რათა ქართულმა სახელმწიფომ მაქსიმალურად დააზღვიონ რუსული რბილი ძალის გავლენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე", - თქვა მიდანარაძემ. 

ელენე ხოშტარიამ სამთავრობო ტელევიზიებს რუსულ ფულთან დაკავშირებით 16 ივნისს უპასუხა და თქვა, რომ მამამისი სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრეა, რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება და შესაბამისი ჰონორარებიც ერიცხება. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი